Logo

“ივერი მელაშვილის ერთი ფრაზის ტირაჟირება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება”

საზოგადოება
29.01.2021 / 13:01
1380
Frontnews image description

სპეკულაციებს ყველაზე ცხადი პასუხი ივერი მელაშვილმა გასცა, როდესაც თქვა, რომ ურჩევნია, ციხეში დაბრუნდეს, ვიდრე ვინმემ მისი გათავისუფლება გამოიყენოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ახლა დღის წესრიგში გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი დგას.

 

"ამ სპეკულაციებს ყველაზე მტკიცე და ცხადი პასუხი გუშინდელ ეთერებში თავად ივერი მელაშვილმა გასცა, როდესაც მან თქვა, რომ ურჩევნია ციხეში დაბრუნდეს, ვიდრე ვინმემ გამოიყენოს მისი გათავისუფლება, სიტყვა გატეხოს და პარლამენტში შევიდეს. ამაზე ცხადად ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ განმარტავდა, რაოდენ ამორალურია ამ ადამიანის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხით პოლიტიკური სპეკულირება.

 

ჩემი აზრით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებას აზრი ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნის ლეგიტიმურობას გააცნობიერებს, ეს ეხება მათ შორის პოლიტპატიმრებს. ახლა ყველაზე მწვავედ გიორგი რურუას საკითხი დგას, რომელის გათავისუფლების ვალდებულება ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის დანიშვნის საკითხი, რომელიც არ მისცემს ოთხწლიან ლეგიტიმაციას მოპარული არჩევნებით ფორმირებულ პარლამენტს და საარჩევნო რეფორმას. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნის ლეგიტიმურობას თუ არ გაიაზრებს, პარლამენტში მარტო დარჩება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

მან ასევე კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილის განცხადებაზე, დავით გარეჯის სადაო ტერიტორიასთან დაკავშირებით.

 

"მე რაც ვნახე, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ერთი ფრაზის ტირაჟირება. ამ პატიოსანი ადამიანის კეთილსინდისიერების აღიარება მონურ მორჩილებაში მყოფ მოსამართლესაც კი მოუწია, მის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს მათ შორის ის, რომ 40 ათასი ლარი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ორ საათში აგროვდა, რათა მათი გირაო გადახდილიყო. რეალურად, ეს არის საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც ვერც „იმედის“ პროპაგანდა და ვერც ბიძინა ივანიშვილის სხვა პროპაგანდისტული მანქანები ვერ შეცვლის. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმეა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თაგები:

Advertisement