Logo

ჯეი დი ვენსი არ არის დარწმუნებული, რომ ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას შეძლებს

მსოფლიო
4 საათის წინ / 22:37
199
"მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს,  საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება"
© politico

"მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება"

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არ არის დარწმუნებული, რომ ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას შეძლებს.

მისი თქმით, მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა დიდი შეცდომა იყო.

"მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება. შესაძლოა, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან გააფთრებულია. ის და პრეზიდენტი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ თუ დაუპირისპირდებიან, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, მაგრამ არ მგონია, ეს ილონისთვისაც კარგი იყოს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხრიდან უდიდესი შეცდომაა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთან ომი“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ილონ მასკს და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოების მიზეზი ხარჯების შესახებ კანონპროექტი გახდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი მხარს უჭერს.

ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა. საპასუხოდ, ილონ მასკმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ. მასკის შეფასებით, კანონპროექტი ხარჯების ფლანგვას გულისხმობს.

მოგვიანებით მასკმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერის გარეშე ტრამპს შესაძლოა, არჩევნები წაეგო, რასაც  ეპშტეინთან ტრამპის კავშირების ხაზგასმა და მისი იმპიჩმენტის აუცილებლობაზე მითითება მოჰყვა.

ტრამპის თქმით, მას არ სურს მასკთან ურთიერთობის აღდგენა მას შემდეგ, რაც მათ შორის დაპირისპირება  საჯაროდ გახდა ცნობილი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ურთიერთობა მასკთან დასრულდა, ტრამპმა უპასუხა: "მე ვივარაუდებდი, რომ კი, დიახ“.

მისივე თქმით, მასკი ძალიან სერიოზულ შედეგებს წააწყდება, დემოკრატ კანდიდატებს თუ დააფინანსებს.

Advertisement