Logo

ჯორჯ სოროსი – რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია, რომელმაც შესაძლოა, ცივილიზაცია გაანადგუროს

მსოფლიო
1001
Frontnews image description

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდა, რომელმაც შესაძლოა, ცივილიზაცია გაანადგუროს. ამის შესახებ ამერიკელი ფინანსისტი Project Syndicate-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებს.

“პუტინი, ჩინეთის ლიდერის მხარდაჭერით, თავისი ცხოვრებისეული ოცნების ასრულებას წარმოუდგენელი სისასტიკით ცდილობს. პუტინი მალე 70 წლის გახდება და ის გრძნობს, რომ თუ მას სურს რუსეთის ისტორიაში კვალი დატოვოს, უნდა იმოქმედოს ახლა ან არასდროს”, – აცხადებს სოროსი.

მისივე თქმით, პუტინი აპირებს „რუსეთის მეფე“ გახდეს და „აშკარად დაკარგა კავშირი რეალობასთან“.

“მე პირადად არ ვიცნობ პუტინს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მის აღზევებას და ვიცი, რომ ის დაუნდობელია. მან ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო ნანგრევებად აქცია და ახლა იგივეს გაკეთებას ემუქრება უკრაინის დედაქალაქ კიევთან”, – წერს სოროსი.

სოროსის თქმით, პუტინი ელოდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები რუს ჯარისკაცებს ხელგაშლილი მიესალმებოდნენ, მაგრამ შეცდა.

“მან გადაწყვიტა დაესაჯა უკრაინა წინააღმდეგობის გაწევისთვის და დაიწყო მოქმედება ყოველგვარი დამუხრუჭების გარეშე. მან მთელი რუსული არმია ბრძოლაში გადაისროლა და აიგნორებს ომის ნებისმიერ წესს”, – აცხადებს სოროსი.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა წააგოს ეს ომი, რადგან დასავლელი პარტნიორები უკრაინას თავდაცვითი იარაღით ამარაგებენ.

”ამასობაში, სი ძინ პინი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ პუტინი რელსებიდან გადავიდა, დაურეკა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და თქვა, რომ მხარს უჭერს მათ სამშვიდობო ძალისხმევას. მას სურს ამ ომში მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კრიზისი. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ პუტინი დათმობს სის სურვილებს. ჩვენ მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ პუტინი და სი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას იქამდე, ვიდრე ისინი გაანადგურებენ ჩვენს ცივილიზაციას“, – აცხადებს სოროსი.

Advertisement