Logo

კახა გოგოლაშვილი - ალბათ, ქვეყანა უვიზო მიმოსვლას დაკარგავს, მისი ხელახლა ამუშავება კი ძალიან რთული იქნება

ინტერვიუ
291
Frontnews image description

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების უგულებელყოფილი ვალდებულებები შესაძლოა, მალე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი გახდეს.

მისი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნები ღიად ირღვევა და მიუხედავად ოფიციალური თბილისის ბრალდებებისა, ბრიუსელი ხელისუფლების მოქმედებებს უკიდურესად კრიტიკულად აფასებს. 

- ბატონო კახა, რამდენად რეალურია ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი ამ ეტაპზე და რა კრიტერიუმებით აფასებს ევროკომისია აღნიშნულ პროცესს?

- სამწუხაროდ, რადგან ეს პროცესი უკვე დაიწყო, მისი შეჩერების ალბათობა ძალიან დაბალია. ვადაც ცნობილია უკვე და როგორც კი ეს ვადა გავა, შემდეგ გაკეთდება ანალიზი და ევროკომისია წარმოგვიდგენს ანგარიშს. შესაძლოა, ეს დაემთხვეს ოქტომბერს, როცა გაფართოების საკითხთან დაკავშირებით მოხსენება კეთდება ხოლმე. შეიძლება ეს გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოსაც მიიღონ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ. აუცილებლად მიიღება გადაწყვეტილება. ასე რომ, ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან „ოცნება“ არცერთს არ შეასრულებს, დარწმუნებული ვარ. ამიტომ ძალიან რეალურია ის, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ. ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან ხელისუფლებამ რომც მოინდომოს, მისი ხელახლა ამუშავება ძალიან რთული იქნება. ამას ყველაფერს, რაც აქ წერია, სხვა პრობლემებიც ემატება. საუბარია ლტოლვილების რაოდენობაზე საქართველოდან, არალეგალურად დარჩენილ ხალხზე. ამას ემატება ასევე ქართული წარმოშობის კრიმინალი. ვიცით, არის ქვეყნები, რომლებიც ამაზე სერიოზულად ნერვიულობენ. ამიტომ სიტუაცია არ არის მარტივი და მოლოდინიც არ მაქვს დადებითი.

- "ქართული ოცნება" ბრიუსელს არჩევნებში ჩარევასა და ამომრჩეველზე ზეწოლას ადანაშაულებს. თქვენი შეფასებით, რამდენად შეესაბამება ასეთი შეფასება ევროკავშირის მოქმედ პროცედურებსა და რეგულაციებს? პრემიერმა განაცხადა, რომ ეს არის შანტაჟის ბერკეტი, რომლითაც ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლას ახდენენ. რამდენად ართულებს ეს რიტორიკა სიტუაციას კიდევ უფრო?

- ამ ბრალდებებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისმის, სერიოზულად აღარც უყურებენ. პრემიერის განცხადება, რომ ის მზად არ არის ბრიუსელში ჩასასვლელად - რისთვის უნდა ჩავიდეს? თუკი იმ მოთხოვნებს არ შეასრულებს, რაზეც საუბარია, ბრიუსელი მას რატომ უნდა შეხვდეს? ეს ევროპარლამენტმაც გამოაცხადა თავის რეზოლუციაში. თქვეს, რომ ოფიციალურ დონეზე ყველანაირი კონტაქტები უნდა შეწყდეს. ამიტომ ბრიუსელში კობახიძის ჩასვლა არაფერს ნიშნავს. თუ შეასრულებს მოთხოვნებს, რამდენჯერაც უნდა, მერე ჩავიდეს. რომელი ფაქტია მოყვანილი, რომ არჩევნებში ვინმე ერეოდა? რა სისულელეებს ლაპარაკობენ - წარმოუდგენელი ტყუილებია. იმის გამო არ უნდა ელემენტარული რაღაცების გაკეთება? ყველაფრის მაკონტროლებლები გახდნენ. არ უნდათ სასამართლოს გათავისუფლება, რომელიც აშკარად მმართველი გუნდის ხელშია. არ უნდათ პოლიტპატიმრების, ოპოზიციონერი ლიდერების ციხიდან გამოშვება. არ სურთ დრაკონული კანონების უკან გაწვევა. ეს ყველაფერი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ამის გამო იგონებენ ათას რამეს. თუ არჩევნებზე ჩარევა იყო საკითხი და ევროკავშირი ერეოდა, მაშინ "ნაციონალები" რატომ არ იღებენ მონაწილეობას? ხომ ამბობენ, რომ ოპოზიცია დიფ სთეითთან თანამშრომლობს - მაშ, რატომ არ იღებენ ყველანი მონაწილეობას? რატომ ლაპარაკობენ იმაზე, ვითომ ესეც ამ სტრატეგიის ნაწილია და ათას აბსურდს იგონებენ?

- ელჩი პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ უვიზო შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, კვალიფიციური უმრავლესობით მივიღოთ. რამდენად მაღალია მხარდაჭერის შანსი ევროპულ დედაქალაქებში ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, თქვენი ანალიზით?

- უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, ვიცით, ახალი რეგულაციების მიხედვით 15 ქვეყნის თანხმობა არის საჭირო. ერთსულოვნება საჭირო არ არის. ასე რომ, ეს ყველაზე ადვილად მისაღწევია. ფინანსური სანქციების დაწესება უფრო ძნელია, რადგან ამას კონსენსუსი სჭირდება. სამწუხაროდ, ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და წლის ბოლომდე უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ.

- შესაძლებელია პირდაპირ ვთქვათ, რომ სასწორზე ორი საკითხი დგას: უვიზო მიმოსვლის გაუქმება თუ ფინანსური სანქციები? თუ ფინანსურ სანქციებზე ვერ მოხდა შეთანხმება, მაშინ ვიზალიბერალიზაცია რეალურად საფრთხის წინაშე დგას?

- რა თქმა უნდა. თუ კონკრეტულ სანქციებს დაუწესებენ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, შეიძლება ამას ირიბად ემოქმედა, მაგრამ პირდაპირი კავშირი არ არის. უვიზო მიმოსვლას აჩერებენ იმიტომ, რომ ვიზალიბერალიზაციის სამომავლო გეგმაში რაც მოთხოვნები არსებობს საქართველოს მიმართ, ის მოთხოვნებია დარღვეული. შეიძლება ევროკავშირში რაღაცებზე თვალი დახუჭონ, მაგრამ „ოცნებამ“ თავისი რიტორიკით და უპატივცემულობით სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გარკვეული როლი შეასრულა. მათ შორის ორბანმაც, რომელიც არ აძლევს ევროკავშირს საშუალებას, დაისაჯოს კონკრეტულად ის პირები, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს სცემდნენ. ფაქტია, რომ დაკავებულ ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდნენ. 400-მდე ადამიანი სასტიკად სცემეს. ამაზე ევროკავშირი ვერ ახდენს რეაგირებას, რადგან ორბანი "ოცნებასთან" მეგობრობს. საბოლოო ჯამში, ალბათ, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ქვეყანა უვიზო მიმოსვლას მაინც დაკარგავს. ასეთი ზეწოლა მოსახლეობაზე ასევე ავტომატურად გამოიწვევს საქართველოდან ხალხის მასობრივ გადინებას. მილიონამდე კაცი რომ წავიდეს ქვეყნიდან, ევროპისთვის ეს არ არის მარტივი ამბავი. ამ რისკების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეს ტალღა ისევ ევროკავშირს დააწვება.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ახლა ოპოზიციურ სპექტრზე დამოკიდებული, როგორ შეძლებენ ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას? თუკი ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყო და საპროტესტო მუხტი გაძლიერდა, უნდა ველოდოთ ხელისუფლების მხრიდან უკან დახევას? ქვეყნის შიგნით არსებობს თუ არა რესურსი ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად?

- სამწუხაროდ, პროცესი დაწყებულია და მე ვერ ვხედავ იმ რესურსს, რომ "ოცნებას“ ქვეყნის შიგნით ვინმემ აიძულოს, პოზიცია შეცვალოს. რაც შეეხება უშუალო პროტესტს - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ უფრო დიდ რეპრესიულ მექანიზმებს იყენებენ. ასე რომ, ძალიან ძნელი იქნება ქუჩიდან აიძულო „ოცნება“, რაღაც შეცვალოს. მათ უკვე გადაწყვიტეს ჩამოაყალიბონ შუააზიური, აზერბაიჯანული ტიპის ქვეყანა. ავტორიტარიზმისკენ მიდის ქვეყანა და „ოცნება“ ყველაფერზე უარს ამბობს. არც ევროკავშირში შესვლა სურს, არც ნატოში. იმიტომ, რომ ასეთი რეჟიმი თავად აწყობთ, რათა დიდხანს შეინარჩუნონ ხელისუფლება. ამიტომ ამ ეტაპზე გამოსავალს ვერ ვხედავ.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement