Logo

კახა გოგოლაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ამ ხელისუფლებასთან დიდი პრობლემები არც ჰქონდეს

ინტერვიუ
73
Frontnews image description

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ერევნის სამიტი და მასზე საქართველოს ხელისუფლების მიწვევა, ბრიუსელსა და თბილისს შორის არსებული კრიზისული ურთიერთობების ფონზე, არაერთი კითხვის ნიშანს აჩენს. რა დგას ევროპული პრაგმატიზმის მიღმა და რატომ არ წყვეტს დასავლეთი დიალოგს იმ ძალასთან, რომელსაც დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს? ამ საკითხებსა და ვაშინგტონთან ურთიერთობების შესაძლო "გადატვირთვის" პერსპექტივებზე Front News-ს რონდელის ფონდის (GFSIS) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ესაუბრა.

– როგორ შეაფასებდით ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტს? იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელთან ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები შეინიშნება, საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე სამიტზე მაინც მიიწვიეს. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

– ევროკავშირი ეს გეოპოლიტიკური ინსტიტუციაა, ამიტომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა კონტინენტზე იყოს ჩართული, რა რეჟიმიც უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ ის მთლიანად არ არის გარიყული, როგორც ბელარუსი და რუსეთი. შესაბამისად, ამ სამიტზე საქართველოს მიწვევა ბუნებრივიც იყო. აქ მოულოდნელი და უცნაური არაფერია. მიუხედავად დაპირისპირებისა, საქართველო ასე "მტრების ბანაკში“ არ მოიაზრება. ეს არის უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის თემების განხილვა, რომელიც სამიტზე მოხდა; ასევე უსაფრთხოების საკითხებიც იყო განხილული. დემოკრატიაც იყო, მაგრამ დემოკრატია არ არის შემაფერხებელი, რომ ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს ამ სამიტში. აზერბაიჯანიც კი იყო მიწვეული. ბევრი სხვა ქვეყანაც, მაგალითად თურქეთი, რომელიც დემოკრატიის მაგალითი არ არის.

ამიტომ, საქართველოდან ხომ ვიღაც უნდა დაპატიჟონ. თვლიან თუ არ თვლიან საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურად, იძულებული არიან, რომ აქედან ვინმე დაპატიჟონ. მეორე არის ის, ფაქტობრივად აკონტროლებს თუ არა რაღაც ძალა ქვეყანას. ეს მათ აღიარებული აქვთ, რომ „ოცნებას“ გააჩნია რესურსები, რომლითაც ის ქვეყანას აკონტროლებს, სტაბილურობას ინარჩუნებს და საგარეო ურთიერთობებს აკონტროლებს. ამიტომ იმ ძალას იწვევენ, რომელიც ხელისუფლებას აკონტროლებს.

- გამოდის, რომ ევროკავშირი იძულებულია ითანამშრომლოს გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ამ ხელისუფლებასთან, რადგან საქართველო კავკასიაში მნიშვნელოვანი პლაცდარმია? თუ ის მწვავე რიტორიკა არ გაქრება არსად, რომელიც ახლა ბრიუსელიდან გვესმის?

– ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, თუ რა არ მოსწონთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან, როგორც ქვეყანასთან და იმ ძალასთან, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, არ აპირებენ უფრო მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობას. ევროკავშირისთვის საქართველოში დემოკრატია აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ახლა ევროკავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისა და, მათ შორის, ეკონომიკური განვითარება. ეს არის ევროკავშირის შიდა ინტერესი.

რაც შეეხება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, ამაზე თვალს არავინ ხუჭავს. ამიტომაც არის გარკვეული სახის ურთიერთობები საქართველოსთან შეზღუდული. ყველა სხვა სახის დიალოგი შეჩერებულია. პოლიტიკური ურთიერთობები პრაქტიკულად შეწყვეტილია. იმისთვის, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა არ ჩამოინგრას, საქართველოც ამ გეოპოლიტიკურ ფორუმში უნდა მონაწილეობდეს. ამიტომაც მიიღო პრემიერმა მიწვევა.

– ევროპარლამენტმა მიიღო საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია იმ საფრთხეების აღსრულება, რაც რეზოლუციაშია ნახსენები (მაგალითად, დაფინანსების შეჩერება ან პოლიტიკური იზოლაცია) და რამდენად დიდია ამ დოკუმენტის პოლიტიკური წონა ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებისთვის?

– დიახ, ასეთ რეზოლუციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დაფინანსება შეჩერებულია. ასე მარტივად ბევრ რამეს ვერ განახორციელებენ. სანქციების დაწესებას, მაგალითად, კონსენსუსი სჭირდება. შეიძლება რომელიმე ქვეყანამ უარი თქვას, რომ „მოდი, ჯერ ამ ეტაპზე საქართველო გვჭირდება“ და უარი თქვას სანქციებზე. იგივე უსაფრთხოების ინტერესებიდან და გეოპოლიტიკური პროექტების განვითარების კუთხით, საქართველოს დასანქცირება ამ ეტაპზე ბევრი ქვეყნისთვის ევროპაში მიუღებელია. შესაძლოა, არის ქვეყნების ნაწილი, რომლებიც ამ ეტაპზე ფიქრობენ, უნდა დაუწესონ თუ არა საქართველოს მთავრობას სანქციები, რადგან მერე, რაღაც აუცილებლობების გამო, მათთან ურთიერთობა გაჭირდება. ამიტომაც ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

აქ ერთია, რას ითხოვს პოლიტიკური გარემო. პოლიტიკური ნაწილი ევროკავშირისა იმას ითხოვს, რომ ეს ურთიერთობები ყველა მიმართულებით შეჩერდეს, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებებს ევროკავშირში თავისი ვალდებულებები და ინტერესები გააჩნიათ. იმისთვის, რომ მოახდინონ თავისი პოლიტიკის და საგარეო მიზნების რეალიზაცია, შესაძლოა, ყოველთვის ვერ შეასრულონ ის მიზნები, რასაც ევროპარლამენტი ითხოვს.

ეს არის, პრინციპში, ძალაუფლების გამიჯვნა, სადაც ძალაუფლების ყველა შტო ერთმანეთთან სრულ მზადყოფნაში არ მოდის. საბოლოო ჯამში, მაინც საერთო სურათი უბრუნდება ევროპარლამენტის შეხედულებებსა და მოთხოვნებს. ამიტომ ვხედავ იმ ჩარჩოს, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ზღუდავს. ამ ჩარჩოს სწორედაც რომ ევროპარლამენტის ეს რეზოლუციები აყალიბებენ. ისინი უსვამენ წითელ ხაზებს, სადაც ეუბნებიან ევროკავშირის ქვეყნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აქამდეა ამ ეტაპზე შესაძლებელი და ამის იქით არ უნდა წავიდნენ. ამ რეზოლუციით სურთ, რომ შეაკავონ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლებები, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება არ მოხდეს.

– ბრიუსელთან დაპირისპირების პარალელურად, თბილისი ცდილობს, ვაშინგტონთან ურთიერთობები დაალაგოს. როგორც ცნობილია, მაისში რუბიოს თანაშემწე ეწვევა თბილისს. რა შეგვიძლია ამ ვიზიტზე ვთქვათ და გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება?

– პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაციით, "ოცნებაზე“ დაყრდნობით, რთულია ზუსტად იმის თქმა, ჩამოვა თუ არა ნამდვილად ვინმე. მე არ გამოვრიცხავ და არც არასდროს გამოვრიცხავდი იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ნორმატიული საკითხების წინა პლანზე გამოტანაზე ორიენტირებული არ არის, მაგალითად, დიდად არ არიან ორიენტირებულები ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას ამ საკითხებს წინა პლანზე არ აყენებენ. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან დიდი პრობლემები ამ საკითხების გამო არ ჰქონდეთ. ამიტომ, გარკვეული მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაციამ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა განახორციელოს.

ოღონდ, აქ ყველაფერი ასევე იმაზე იქნება დამოკიდებული, ვაშინგტონს რამდენად ეღირება ეს თანამშრომლობა. რა დევს თბილისიდან მაგიდაზე მათთვის შესათავაზებელი, ანუ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები საქართველოს ხელისუფლებასთან რამდენად დაემთხვევა. რა შეთავაზებები ექნება საქართველოს და ვაშინგტონს, მათი ინტერესები რამდენად გადაიკვეთება. ის, რომ თბილისში "ტრამპთაუერი“ აშენდება, მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა შეიძლება ტრამპისთვის ეს ამბიციურად სიმბოლური ჟესტი იყოს.

– სამიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს ნიშანი იმისა, რომ კიევი და თბილისი ცდილობენ გადატვირთონ ურთიერთობები?

– მე ამას შეხვედრას ვერ დავარქმევდი, ეს უფრო გამოლაპარაკება იყო. სადღაც დარბაზში ზელენსკი შეხვდა პრემიერ კობახიძეს და მაკა ბოჭორიშვილს და მან მათ გვერდი აღარ აუარა. მას შეეძლო იგივე გაეკეთებინა, რასაც აკეთებდა აქამდე, იგნორირება მოეხდინა და არ შეემჩნია პრემიერი კობახიძე,  მაგრამ ეს არ გააკეთა. ჩვენ არ ვიცით, რაზე დაელაპარაკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პრეტენზია გამოხატა. რა საკითხები იქნებოდა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ საბოლოო ჯამში ზელენსკი მარტო უკრაინას და მის ინტერესებს აღარ წარმოადგენს.

– ფიქრობთ, რომ ზელენსკის ევროკავშირის ლიდერებმა ან ევროკავშირის პოლიტიკური წრეებიდან ურჩიეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ხისტი პოლიტიკა შეცვალოს?

– დიახ, არაფერია გამორიცხული. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამიტზე ზელენსკი უკვე შეთანხმებული პოზიციებით გამოვიდა ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების პოზიციებთან. მთელი საუბარი მიმდინარეობდა არა მხოლოდ უკრაინის გარშემო, არამედ მთლიანად ევროპის ინტერესებისა და საფრთხეების გარშემო.

ზელენსკი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ლიდერია, ჯერჯერობით არაფორმალური, რადგან უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამიტომ, თუკი ევროკავშირის მიზანია, რომ საქართველოსთან დაპირისპირების მიუხედავად, მინიმალური ინტერესები უნდა შეინარჩუნოს და არ იყოს კონფრონტაციული გარემო, რათა საქართველომ ევროკავშირის უსაფრთხოებაში წვლილი მაინც შეიტანოს, არ არის გამორიცხული, რომ ზელენსკი უკვე ამ საკითხს ევროკავშირის პერსპექტივიდან უყურებს. ფიქრობს და იფიქრა, რომ კონფრონტაციული ტონი შეცვალოს ან შეზღუდოს. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამასთან დაკავშირებით მას ევროპის ლიდერებთან ჰქონდა საუბარი. შესაბამისად, შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არავის ექნება მწვავე ურთიერთობა.

ელზა პაპოშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები