კახა კალაძე - ფაქტი არის ძალიან მძიმე, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს

ავტორი
Front News საქართველო
ფაქტი არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს გორში სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტზე შესაბამისი უწყებების რეაგირება ადასტურებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
"ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო და დარწმუნებული ვარ, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა, ვინც ნახა ეს კადრები, თუმცა, აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორნი და არავის მიეცემა შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონი დაარღვიოს და ამაზე თვალი დავხუჭოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს სისტემურ დანაშაულს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სისტემური დანაშაულებები ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა.
"სისტემური დანაშაული ხდებოდა 2012 წლამდე. გვახსოვს, რა ვითარება იყო მაშინ საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და, ზოგადად, რა პროცესები მიდიოდა. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას და კარგად აკეთებს ანალიზს იმისა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ საქართველოში ვცხოვრობდით და დღეს რა მოცემულობა გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
კახა კალაძე




