კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პატრიარქის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა

ავტორი
Front News საქართველო
პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, - ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო ასპანიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქი მართვით სუნთქვაზეა.
"პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველა პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის ესაჭიროებოდა. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და მაჩვენებლების დასტაბილურება.
პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურებისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაში.
პაციენტმა ღამის სამ საათზე მოგვმართა, სისხლდენა შეჩერებულია. ჩვეულებრივი პროცედურაა ახლა, რომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა ორგანიზმს მივცეთ საშუალება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს. დარჩება საავადმყოფოში რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.





