ქეთევან ბაკარაძე - მოვუწოდებთ "ოცნებას", გაზარდეთ პენსიები 200 ლარით და დააკანონეთ, რომ ხელფასი არ იყოს 1150 ლარზე ნაკლები

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებთ "ოცნებას", ოდნავ მაინც რომ შეამსუბუქოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, გააკეთეთ ის, რისი რესურსიც რეალურად გაგაჩნიათ, გაზარდეთ პენსიები 200 ლარით და დააკანონეთ, რომ საქართველოში ხელფასი არ იყოს 1150 ლარზე ნაკლები, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"დენის ტარიფის ერთბაშად 30%-ით გაძვირება პირდაპირ აზიანებს თითოეული მოქალაქის ჯიბეს. ეს გადაწყვეტილება აძვირებს არამხოლოდ ელექტრო ენერგიის საფასურს, არამედ ავტომატურად აძვირებს ყველაფერს: პროდუქტს, მომსახურებას და ყოველდღიურ ცხოვრებას.
"ოცნების" განახლებული სოციალური პოლიტიკა ასეთია: პროდუქტი გაძვირდა, დენი გაძვირდა, წყალი გაძვირდა, საწვავი გაძვირდა.
გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად გაზრდილი ელექტრომოხმარება დაასახელეს. თუმცა რეალობა სხვაგვარია: საქართველოში არც ახალი მსხვილი საწარმოები გახსნილა და არც მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილა, პირიქით, დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს. ამ ფონზე ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა იწვევს მოხმარების ზრდას? ერთ-ერთი პასუხი არის - კრიპტომაინინგი და ის ბიტკოინები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება.
შედეგად, მათი მილიარდების ფასს “ქართული ოცნება” საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე იხდის: პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, სტუდენტებისა და მცირე ბიზნესების ხარჯზე. იმ ადამიანების, რომლებსაც ისედაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი.
ერთადერთი რისი შეთავაზებაც ოცნებას ახლა და მომავალში შეუძლია მოსახლეობისთვის, ეს არის გაძვირებული ცხოვრების უფრო და უფრო გართულება, იზოლაცია და გადარჩენისთვის უმძიმეს პირობებში ბრძოლა.
გასაგებია, რომ "ოცნებას" არანაირი რესურსი არ აქვს ფასების და ტარიფების შემცირების. პირიქით, მათ პირობებში ყველაფერი იზრდება. ამიტომაც მოვუწოდებთ "ოცნებას", ოდნავ მაინც რომ შეამსუბუქოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, გააკეთეთ ის, რისი რესურსიც რეალურად გაგაჩნიათ, გაზარდეთ პენსიები 200 ლარით და დააკანონეთ, რომ საქართველოში ხელფასი არ იყოს 1150 ლარზე ნაკლები! არ შეიძლება დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქე იყოს იაფი მუშა ხელი", - განაცხადა ბაკარაძემ.
თაგები:
ქეთევან ბაკარაძე




