კოტე ჩოკორაია - მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, არჩევნებზე ემიგრანტების ერთი პროცენტიც ვერ ჩამოვა

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე, მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო დროს რამდენიმე საკვანძო და სადავო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საზოგადოებაში აქტიური დისკუსია გამოიწვია. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციის გაუქმება, ემიგრანტებისთვის საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა და ანტიკორუფციული ბიუროსა და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტების ლიკვიდაცია – ეს ის თემებია, რომლებსაც კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია Front News-თან ინტერვიუში სამართლებრივ ჭრილში აფასებს. ექსპერტი აღნიშნულ ნაბიჯებს, უმეტესწილად, პოლიტიკურ მოტივაციას და ხარჯების ოპტიმიზაციას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევაა.
– "ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. სამართლებრივად რომ შევაფასოთ, რა სახის გადაწყვეტილებაა და რა ცვლის ეს ცვლილება?
– მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია და ნაკლებად სამართლებრივი. ერთადერთი, რაც არის, ოსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, როგორც ინსტიტუცია, ასეთი ფორმით ჩამოყალიბებული, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, აქამდე სამართლებრივი თვალსაზრისით ასეთი განსაზღვრული ფორმა არ ჰქონდა. მხოლოდ კონსტიტუციაში იყო ნახსენები ტერმინი, როგორიცაა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქი. ხოლო ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას თავის დროზე უფრო პოლიტიკური დანიშნულება ჰქონდა. მე არ ვიცი, რა არის ახლა ხელისუფლების მოტივაცია. თუმცა ამ ადმინისტრაციული ერთეულის ამ ფორმით არსებობა, მიმაჩნია, რომ რაღაც ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის მხრივ მნიშვნელოვანი იყო. ზედმეტ შეფასებაში არ შევალ, რადგან უფრო პოლიტიკური ნაწილია.
– მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საზღვარგარეთ მცხოვრებლები საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
– ჩვენ ისიც მოვისმინეთ ხელისუფლებისგან, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თითქოს ვინმეს ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეულები. არადა, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავისუფალ სამყაროში ცხოვრობს – ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში. ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნებაზე ვინმე ზეგავლენას ახდენს. ვიცით, რომ ამ ადამიანების ქვეყნიდან წასვლის რეალური მიზეზი სოციალური ფაქტორები იყო. რაღაც ნაწილი სამეცნიერო საქმიანობას ეწევა და უმეტესობა ასევე განათლების მისაღებად არის წასული. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ იმის თქმას, რომ ვინმეს გავლენის ქვეშ არიან.
ალბათ, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მაინც პოლიტიკურია, რადგან ვიცით, რომ საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგები აქ ჩატარებულის ასიმეტრიულად განსხვავებულია. ვიცით, რომ იქ ხელისუფლება გაყალბებას ვერ ახერხებს და არავინ ერევა არჩევნებში, შესაბამისად, იქ მიღებული შედეგები „ოცნებისთვის“ პრობლემაა. ხედავენ, რომ საზღვარგარეთ ჩატარებულ არჩევნებში ძალიან ცუდი შედეგები აქვთ.
ზოგადად, საარჩევნო უფლების შეზღუდვა ძალიან ცუდ პრეცედენტს წარმოადგენს. ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს იდეა და პრინციპი, რაზეც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია დგას, ხალხის მონაწილეობას ხელისუფლების განხორციელებაში ეფუძნება. ყველაზე ნათელი გამოვლინება ამის არჩევნებია. ამიტომ, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გამოწვევები ჰქონდეს ხელისუფლებას, მაგრამ არჩევნების დროს უნდა გადაწყვიტოს მოქალაქემ, ვის დაუჭერს მხარს. საქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს.
ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოზიტიური ვალდებულებები აქვს. უნდა გაითვალისწინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება საზღვარგარეთ. ასევე პოზიტიურად უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მისცეს საშუალება, რომ ხმა მისცეს და ყველგან გახსნას უბნები, სადაც შესაძლებელი იქნება. ჩვენ წინა არჩევნებზე ვსაუბრობდით იმაზე, რომ საარჩევნო უბნები ყველგან არ იხსნებოდა. უამრავი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ. უმეტესობა მათგანი ასევე აღრიცხვაზე არ იმყოფება. ბევრს საბუთების მოგვარების პრობლემები აქვს. ამიტომ მათთვის ათასობით კილომეტრის გავლა ძალიან რთული იქნება. არჩევნების დროს, 4 წელიწადში ერთხელ ხელისუფლებამ უნდა დაივიწყოს პოლიტიკური კუთვნილება და საკუთარ მოქალაქეებს ჰკითხოს, ვინ სურთ.
– ბატონო კოტე, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში ჩამოსვლას შეძლებენ? ჩვენი თანამოქალაქეების რა პროცენტს შეუძლია არჩევნების დღეს სამშობლოში ჩამოსვლა? ან ტექნიკურად ამდენი ემიგრანტის ერთდროულად მიღება შესაძლებელია თუ არა?
– ძალიან რთულია იმის თქმა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ქვეყანაში არჩევნების დღეს ჩამოსვლას შეძლებს. ავიღოთ ამერიკაში მცხოვრები ქართველები, რომელთა უმეტესობას საბუთი არ აქვს. თუ მათ ეუბნები, რომ სამშობლოში არ ჩამოხვალ, მაშინ ხმის მიცემის უფლება არ გექნება, მაშინ გამოდის, რომ მას ამ უფლებას ართმევ. ყველასთვის ცალსახაა და ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ერთი პროცენტიც კი, რომელიც საზღვარგარეთ ემიგრაციაშია, სამშობლოში ჩამოსვლას ვერ შეძლებს არჩევნების დღეს. იმხელა თანხებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული, ასეთი მარტივი არ არის. ეს მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად იცის.
– ასევე ცნობილი ხდება, რომ მმართველი პარტია ინსტიტუციური მოწყობის მნიშვნელოვან რეფორმას იწყებს, რაც ანტიკორუფციული ბიუროსა და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტების გაუქმებას ითვალისწინებს. ხელისუფლების მტკიცებით, ეს ნაბიჯი ემსახურება საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და რესურსების ოპტიმიზაციას. თქვენი შეფასებით, რას ემსახურება ეს ცვლილებები?
– სავარაუდოდ, ეს არის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის. როგორც ვხვდები, ფუნქციურად რასაც აკეთებდა ანტიკორუფციული ბიურო, ეს მაინც სადღაც იქნება. მეორე, „ოცნებისთვის“ ეს ინსტიტუტები არცერთი დამოუკიდებელი არ ყოფილა. ვის სჯერა, რომ, მაგალითად, ანტიკორუფციული ინსტიტუტი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იყო? ამიტომ, ამ ხარჯების ოპტიმიზაციისთვის იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თავის დროზე ანტიკორუფციული ბიუროს არსებობა ევროკავშირის მოთხოვნა ნამდვილად იყო, თუმცა ამ მოთხოვნის მიზანი იყო, რომ ეარსება ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც შეძლებდა ხელისუფლებაში არსებული კორუფციული სქემების გამოძიებას და მის აღმოფხვრას. ჩვენ ანტიკორუფციული ბიუროსგან მსგავსი რამ არ გვინახავს.
– თუმცა ბატონო კოტე, ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია არ ჰქონდა და შესაბამისად, ის ასეთ სქემებს, რომლის საჯაროდ გამოტანაც მოხდა, ვერ შეძლებდა. რამდენად ლოგიკურია ხელისუფლების ეს არგუმენტი?
– კი ბატონო, საგამოძიებო ფუნქცია არ ჰქონდა, მაგრამ ის, რომ აქტივისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თითოეულ კაპიკზე დასდევენ, ჩვენ არ გვინახავს ანტიკორუფციული ბიუროს რაიმე სახის განცხადებები აქამდე არსებულ კორუფციაზე. აღმოჩნდა, რომ თურმე დიდი კორუფცია ხდება. მე არ ვიცი, საქართველოში თუ არსებობს რომელიმე სხვა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო. ამიტომ, ალბათ, იმ მოტივებით მოხდა სწორედ ეს გადაწყვეტილება, რომ ხარჯების დაზოგვა მომხდარიყო.
– ხელისუფლება ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო საერთოდ გარედან იყო თავს მოხვეული. შესაბამისად, ის ასევე არ იყო კონსტიტუციური ორგანო და არ შეესაბამებოდა ჩვენს საკანონმდებლო ნორმებს. როგორ აფასებთ ამ არგუმენტებს ასევე?
– არგუმენტი იმაზე, რომ ეს იყო თავს მოხვეული და იძულებით მოხდა მისი შექმნა, ძალიან აბსურდული განცხადებაა. მაშინ დაერქვას სახელი ყველაფერს, ვინ არის ამ ქვეყნის პარტნიორი და ვინ არ არის. პირდაპირ უნდა ითქვას მაშინ, ვინ როგორ უყურებს ამას. თუ ამერიკა და ევროკავშირი არ არიან ჩვენი პარტნიორები, მაშინ ვთქვათ ვინ არიან. თუ რუსეთი გამოვიდნენ და ამის თქმა ღიად გაბედონ. მგონი, ეს უფრო პროპაგანდის ნაწილია, როგორც სხვა ბევრი რამ.
– თითქოს გაურკვეველია, როგორ აისახება ეს იმ მედია ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოქმედების ქვეშ მოექცნენ. თქვენი ვარაუდი როგორია, ვინ შეითავსებს ამ კანონის კონტროლის მექანიზმს?
– ალბათ, შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილება შევა. ეს ფუნქციები ანტიკორუფციული ბიუროდან აუდიტის სამსახურში გადავა. ეს არ იქნება პრობლემა, იმიტომ, რომ იმ უფლებამოსილებაზე ხელისუფლება უარს არ ამბობს. ამიტომ, თუ ეს მაკონტროლებელი ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონდა, ის ახლა აუდიტის სამსახურში გადავა.
– ჩვენ ვიცით, რომ „ოცნებამ“ კონკრეტული პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ასევე სარჩელი-შესაგებელი შეიტანა „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. როგორ წარმოგიდგენიათ ამ სარჩელების განხილვა? რა დრო სჭირდება და რამდენად ელით, რომ ეს ყველაფერი დროში გაიწელება?
– როგორც ვიცი, „ოცნებამ“ მხოლოდ პარტიების გაუქმება მოითხოვა. მანამდე კი კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტიების გაუქმების პარალელურად, მას შეეძლო მოეთხოვა პარტიის წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაც. ამწუთას „ოცნების“ სარჩელში არ არის კონკრეტული პირების პოლიტიკურ საქმიანობაზე აკრძალვა. აქ საუბარია მხოლოდ კონკრეტული პარტიების აკრძალვაზე. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილ სარჩელს, ეს ცვლილებებს ეხებოდა. რაც შეეხება სასამართლოს მოქმედებას, მას შეუძლია ერთი სარჩელის განხილვა დაიწყოს და დანარჩენი გაწელოს. თეორიულად, მათ გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვე აქვთ. ვიცით საქმეები, რომლებიც წლობით იწელება, საქმეები ვიცით, რომელიც მალევე სრულდება. ამიტომ, რთულია იმის თქმა, რომელ სარჩელს მიიჩნევს პრიორიტეტულად და რომლის განხილვას დაიწყებს. ოპოზიციის მიერ შეტანილი სარჩელი იმის დემონსტრირების საშუალებას მაინც მოგვცემს, თუ რამდენად არ არის „ოცნების“ არგუმენტები სწორი.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
კოტე ჩოკორაია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


