Logo

ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორი დააკავეს

სამართალი
351
Frontnews image description

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნ.ს. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის ათი დღით ქირავნობით დაინტერესებულ ერთ-ერთ პირს, ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარი.

დაკავებულის მოთხოვნით, 5 000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ-ს ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის. დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით, ნ.ს.-მ დაამზადა ორი ხელშეკრულება, ერთი ფართის ქირავნობის, ხოლო მეორე ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით.

ნ.ს. დაკავებულ იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის, 7 000 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით.

საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

Advertisement