ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა

ავტორი
Front News საქართველო
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და KIU-სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.
ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ გახსნეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და საჯარო სერვისების მისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
სტუმრებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა; გონივრული მისადაგების პრინციპი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობა და სხვა. შეხვედრა მიზნად ისახავდა შშმ პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საჯარო სერვისებისა და იმ პოლიტიკის გაცნობას, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს.
საჯარო ლექციას უძღვებოდნენ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტის უფროსი ნუცა ქაშაკაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტი მარიკო კობახიძე. შეხვედრა შშმ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი, იუსტიციის სამინისტროს მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა - საგანმანათლებლო და საცხოვრებელი სივრცეები, სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. კამპუსი ითვალისწინებს ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესში სრულფასოვან მონაწილეობას.





