Logo

ლაშა ბერიძე - უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის ნატოს წევრობაა, ან ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შეიქმნას ამერიკის გარეშე

უკრაინაინტერვიუ
219
Frontnews image description

რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებასთან ერთად, დიპლომატიური ძალისხმევა და პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ მათი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ დასავლეთის ლიდერების, მათ შორის დონალდ ტრამპის განცხადებები კონფლიქტის "სწრაფად დასრულების“ შესახებ, მხოლოდ მოლაპარაკებების იმიტაციაა, რომელსაც ხელშესახები შედეგი არ მოჰყვება.

მისი შეფასებით, რუსეთი აჭიანურებს პროცესს და მხოლოდ დროის მოგებას ცდილობს. ბერიძე აღნიშნავს, რომ სანქციები, მიუხედავად მოსკოვის ოფიციალური რიტორიკისა, მაინც ახდენს გარკვეულ ზეწოლას, თუმცა, მისი აზრით, კონფლიქტის მოსაგვარებლად გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინის სამხედრო და ფინანსური გაძლიერებაა.

- როგორ შეაფასებდით ტრამპის განცხადებას, რომ ის პუტინს „ძალიან მალე“ დაელაპარაკება და კონფლიქტს „დაასრულებს“? რა ტიპის მოლაპარაკებებზე შეიძლება იყოს საუბარი და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას?

- ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს, რომ რაღაც შედეგი დადოს, იხტიბარს არ იტეხს და მაინც ბოლომდე ებღაუჭება ამ შესაძლებლობას. მას იმედი აქვს, რომ პუტინთან რაღაც ხელშესახებ შეთანხმებას მიაღწევს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ეს იქნება მხოლოდ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურება. ეს იქნება დროის მოგება და მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის დადებას მე არ ველი.

- დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ფაზაზე გადასასვლელად. რამდენად რეალურია ეს და როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან მიმდინარე კონფლიქტზე?

- რეალურად, რუსეთს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყველაზე მეტად ის აშინებთ, რომ დასავლეთი უკრაინას მყარად დაუჭერს მხარს, იქნება ეს შეიარაღება თუ სხვა საშუალება. ეს უნდა იყოს ნელი წნეხი რუსეთზე. ფაქტია, რომ სანქციები რაღაც დონეზე მუშაობს და რაღაც დონეზე - არა. რუსეთს აქვს გამოცდილება, თუნდაც ცივი ომის დროიდან, თუ როგორ აუაროს გვერდი ასეთ სანქციებს. 

ფაქტობრივად, მათ მონახეს ასეთი ხვრელები და მესამე ქვეყნების დახმარებით მშვენივრად აგრძელებენ ნავთობისა და გაზის გაყიდვას. ეკონომიკაზე რეალური დარტყმა ვერ მიადგათ. მთავარი მაინც უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებაა. ეს ყველაზე მეტად იმოქმედებს რუსეთზე. უკრაინა უნდა იყოს შეიარაღებული და ბრძოლისუნარიანი, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ბოლომდე საკუთარი მიზნების მიღწევა.

- პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სანქციებს რუსეთზე არანაირი ეფექტი არ ჰქონია. რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას და რა ბერკეტები რჩება დასავლეთს რუსეთზე ზემოქმედებისთვის, თუკი სანქციები არაეფექტურია?

- მათი რიტორიკა გასაგებია, ისინი ცდილობენ, ვითომ არ შეიმჩნიონ ეს წნეხი, მაგრამ თუ არ მუშაობს, მაშინ რატომ სთხოვენ ამერიკას მის მოხსნას? უბრალოდ, რუსეთს არარეალისტური და არარაციონალური პირობები აქვს. ფაქტობრივად, რუსეთის შეთავაზება ასე ჟღერს: ან ასე დამნებდით, ან ისე დამნებდით. ყველა მათი შეთავაზება კაპიტულაცია და დანებებაა. რუსეთს არავინ დანებდება.

- ჩვენ ასევე მოვისმინეთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეთავაზება ზელენსკის და დასავლეთის მიმართ, რომ ის მზადაა უკრაინის პრეზიდენტს შეხვდეს, ოღონდ თუ ის მოსკოვში ჩავა. ზელენსკიმ ხუმრობით უპასუხა, რომ თავად პუტინს ჰქონდა კიევში ჩასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ მოახერხა. რა სახის შეთავაზებაა ეს? ბევრმა ეს დიპლომატიურ მანევრად აღიქვა.

- ეს არის პირდაპირი დაცინვა, იმ ფაქტზე ხაზგასმა, რომ ის არის „იმპერატორი“, რომელსაც უნდა ეახლონ. მას უნდა, რომ მიეახლონ და თაყვანი სცენ, მაგრამ მას არავინ ემორჩილება, რადგან დასავლეთი ამას არ აპირებს. მით უმეტეს, ზელენსკი ამას არ გააკეთებს. ამიტომ პუტინის ეს განცხადება მასხრად აგდება და დაცინვაა, რაზეც ადეკვატური პასუხი გაეცა.

- ტრამპმა ევროპას მოუწოდა, რომ რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვან. ტრამპის აზრით, რუსეთს აღარ უნდა ჰქონდეს ამ ომის სრულფასოვანი დაფინანსების შესაძლებლობა. ასევე, ევროპელები ცდილობენ კონკრეტული გეგმის შემუშავებას, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ. თუმცა ვნახეთ პუტინის პასუხი, რომელმაც თქვა, რომ თუკი ერთი ევროპელი ჯარისკაციც კი ფრონტის ხაზზე გამოჩნდება, ისინი ადეკვატურ პასუხს მიიღებენ რუსეთისგან. რა სახის უსაფრთხოების გარანტიებზეა შესაძლებელი საუბარი?

- მე მესახება მხოლოდ ერთი გამოსავალი, რომ უკრაინა ნატოს წევრად მიიღონ. ამის მეტი სხვა „ველოსიპედის გამოგონება“ აღარ უნდა. სხვა რა სახის უსაფრთხოებაზე შეიძლება იყოს საუბარი? რაღაც დროებითი გარანტიები არის არამყარი და არაფრის მომცემი. მე-5 პუნქტის უკრაინაზე გავრცელება ნატოს წევრობის გარეშე როგორ არის შესაძლებელი? მე მსგავსი სისულელე ჯერ არ გამიგია. თუ მე-5 პუნქტი უნდა გავრცელდეს უკრაინაზე, ნატოს წევრობა რაღა ჯანდაბად უნდა მაშინ უკრაინას? ამ პუნქტის გამო გვინდა ყველა ჩვენ, პატარა ქვეყანას და დანარჩენი ტექნიკური დეტალებია. მე-5 პუნქტი არის ჯილდო, რასაც მივიღებთ. რეალურად, უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის ნატოს წევრობაა, ან ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შეიქმნას ამერიკის გარეშე, რაც ჯერჯერობით არ ხდება.

ევროპელებს თუ დავაკვირდებით, მათ სამხედრო და პოლიტიკურ პოტენციალს, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, უბრალოდ, აქამდე ამერიკაზე და მის სისტემებზე იყვნენ ჩამოკიდებული. ამით ცდილობდნენ საკუთარი უსაფრთხოების ჩამოყალიბებას. ახლა კი ნელ-ნელა იცვლება სიტუაცია, სადაც ევროპელებს დიდი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. არ ვიცი, ჯერ ეს საკითხი ბუნდოვანია, თუმცა ევროპელებს შეუძლიათ თავად უზრუნველყონ ეს უსაფრთხოება. ამისთვის უფრო მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგან.

- უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამტკიცებს, რომ უკრაინა სამ ზონად დაიყოფა: რუსეთის, დემილიტარიზებულ და დასავლეთის. რამდენად რეალურია ასეთი სცენარი და რა გავლენას მოახდენს ის რეგიონის უსაფრთხოებაზე?

- ორბანი არის პირი, რომელიც რუსული ნარატივების გამტარებელია. მის განცხადებებს არავინ სერიოზულად არ იღებს. თუმცა, შეიძლება ოკუპირებული და არაოკუპირებული მხარეები გაიყოს და რაღაც შეთანხმების ნაწილი იყოს. თუმცა, ორბანის გეგმები რუსეთს რაც უნდა, ის არის.

- როგორ უნდა უპასუხოს უკრაინამ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს, როდესაც ზელენსკი მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას ითხოვს, ხოლო ევროკავშირი დამატებით სანქციებსა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას ჰპირდება? როგორ გესახებათ ამ სიტუაციიდან გამოსავალი?

- ეს საკითხი ასე მარტივად მოსაგვარებელი არ არის. როცა შენი მეტოქე რუსეთია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი ასეთი საჰაერო თავდასხმებისთვის, რამდენ იარაღსაც დასავლეთი უკრაინას მიაწვდის, იმდენად გააძლიერებს რუსეთი ამ თავდასხმებს. ეს თამაშივით არის. უკრაინას უბრალოდ მეტი სისტემა სჭირდება, რომ უფრო უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა. თუმცა, ვერ მოახერხებს 100%-ით თავდასხმების მოგერიებას.

- ელით, რომ წლის ბოლოსთვის რაიმე ხელშესახები შედეგი დადგეს მოლაპარაკებების კუთხით და თუნდაც ცეცხლის შეწყვეტაზე რაიმე სახის შეთანხმება მოხდეს?

- არა, არ ველი არც ამ წელს და არც მომავალ წელს. ომის დაწყების დღიდან იმაზე ვსაუბრობ, რომ ეს არის გრძელი და მომთმენი ომი. სანამ რუსეთს არ გაუჭირდება ფრონტის ხაზზე და ეკონომიკური თვალსაზრისით, მანამდე ისინი ამ ომს არ შეაჩერებენ. სანამ მას არ ექნება სერიოზული პრობლემები, რომ ფრონტის ხაზი თავად დატოვოს, როგორც ეს ხერსონისა და იზიუმის დატოვების შემთხვევაში გააკეთეს. უბრალოდ, ახლა უფრო მძიმე და გრძელვადიანი ოპერაციებია განსახორციელებელი, რომ რუსებმა ტერიტორიები დატოვონ. ამისთვის კი უკრაინის ჯარის შეიარაღება და კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო. სხვა გამოსავალს მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement