ლელა ჯეჯელავა - ძალიან ვისურვებდი, რომ გამორჩეული პატრიარქი არ იყოს კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მოსაწონი

ავტორი
Front News საქართველო
საპატრიარქო ტახტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და მემკვიდრის შერჩევის პროცესი ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ცენტრშია. თეოლოგი ლელა ჯეჯელავა Front News-თან ინტერვიუში აფასებს წმინდა სინოდში არსებულ ძალთა ბალანსს, მეუფე შიოს, როგორც მოსაყდრის, რეალურ გავლენებს და იმ პოლიტიკურ ინტერესებს, რომლებიც ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხს ახლავს. ჯეჯელავა განმარტავს განსხვავებას მოსაყდრეს და მემკვიდრეს შორის, საუბრობს ხელისუფლების შესაძლო სტრატეგიასა და იმ საგარეო პროპაგანდისტულ ნარატივებზე, რომლებიც პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
- ქალბატონო ლელა, საპატრიარქოს გარშემო მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ სინოდის წევრები კონკრეტული განცხადებებისგან თავს იკავებენ, ჩანს, რომ მეუფე შიოსთან დაკავშირებით აზრები ორად არის გაყოფილი. ფაქტია, რომ ის ვერ იქნება მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი და სინოდში ყველას თავისი რჩეული ჰყავს. თქვენ როგორ აფასებთ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?
- საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამის შესახებ შესაძლოა, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ. ჯერჯერობით არ გვაქვს შემდგარი ფაქტი იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებიან სავარაუდო კანდიდატები. ილია მეორის 50-წლიანი მმართველობის შემდეგ ვინ დაიკავებს საპატრიარქო ტახტს, ამის პროგნოზი ჯერჯერობით რთულია. ჩვენი მსჯელობა ამ ეტაპზე მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია.
ფაქტია, მეუფე შიო იქნება ერთ-ერთი კანდიდატი, როგორც ტახტის მოსაყდრე. თუმცა, ეს არ არის სავალდებულო, მიუხედავად იმისა, რომ ის 9 წლის წინ პატრიარქმა თანამოსაყრდნედ დაასახელა. აშკარაა, რომ მას კანდიდატად ყოფნა სურს, თუმცა მას შეეძლო მხოლოდ სინოდის კრების ჩატარებისა და ახალი პატრიარქის არჩევის ორგანიზების უზრუნველყოფა და თავად არ ყოფილიყო კანდიდატი.
სხვა კანდიდატების შესახებ ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ სინოდში არის ძალიან ბევრი მღვდელმთავარი, რომლებიც მხარდამჭერების რაოდენობით მეუფე შიოზე ბევრად გავლენიანები არიან. შესაბამისად, მათ ჰყავთ საკუთარი მხარდამჭერები იმისთვის, რომ კანდიდატებად დასახელდნენ. მე არ მომწონს წინმსწრებად ატეხილი აჟიოტაჟი მეუფე ისაიასთან დაკავშირებით - მისი ისე წარმოჩენა, თითქოს ის ოპოზიციურად განწყობილი ქართული საზოგადოების რჩეულია. მიუხედავად იმისა, რომ მეუფე ისაია ნამდვილად არის გამორჩეული და ღირსეული მღვდელმთავარი წმინდა სინოდში, მიმაჩნია, რომ დაპირისპირება მეუფე შიოსა და მეუფე ისაიას შორის არ არის სწორი და კორექტული. ეს პროცესისთვის დამაზიანებელია.
- ამ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესი და დაპირისპირება დაიწყო. თქვენ ახსენეთ მეუფე ისაია, რომელიც თითქოს უფრო ოპოზიციური მხარდამჭერების რჩეულად წარმოჩნდება, მეუფე შიო კი სახელისუფლებო მხარდამჭერების რჩეულად. გაგახსენებთ გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) განცხადებას, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ სხვა მღვდელმთავრებს კანდიდატურა მოეხსნათ. ეს დაპირისპირება მოახდენს გავლენას სინოდის წევრებზე? რამდენად სერიოზულია პოლიტიკური პროცესის თანამდევი ეფექტი ამ არჩევნებზე?
- რელიგია ყოველთვის იყო პოლიტიკა და მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში, მთელი ისტორიის მანძილზე, პოლიტიკის ნაწილია. ბუნებრივია, ამ პროცესებს ვერც ახლა გავექცევით. თუმცა, ძალიან ვისურვებდი, რომ გამორჩეული პატრიარქი არ იყოს კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მოსაწონი. მას უნდა ჰქონდეს ამბიცია ერის სულიერ ლიდერობაზე და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პარტნიორობაზე. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პატრიარქი, თუკი ის მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილისთვის ან მხოლოდ „ქოცური“ საზოგადოებისთვის იქნება მისაღები? ეს კარგად უნდა გაიაზრონ, რადგან საუბარია ერის სულიერ ლიდერზე. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, მაშინ ავცდებით იმ რეალურ ხაზს, რაც მართლმადიდებელ ეკლესიას მისიად აქვს და რა ფუნქციაც პატრიარქმა უნდა შეასრულოს.
- ბევრი საუბარია იმაზე, თუ რა ავტორიტეტით და მხარდაჭერით სარგებლობს ახლა მეუფე შიო სინოდის წევრებსა და მრევლში. ის უკვე 9 წელია, მოსაყდრეა. რა რესურსი აქვს მას და რა შეგვიძლია ვთქვათ მისი მოსაყდრეობის პერიოდზე? საზოგადოების ნაწილი და სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ რადგან ის პატრიარქმა დაასახელა, ეს მისი ანდერძია და მას მხარი უნდა დაუჭირონ.
- საქმე იმაშია, რომ არცერთი ეს მოსაზრება არ არის ჭეშმარიტება. სიმართლე შუაშია. მოცემულობა ნამდვილად ისეთია, რომ პატრიარქმა თავის სიცოცხლეშივე თანამოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გავექცევით. ახლა საუბარი იმაზე, იყო თუ არა პატრიარქზე ზეწოლა, მიიღო თუ არა მან ეს გადაწყვეტილება იძულებით თუ მართლა მისი გაცხადებული ნება იყო, ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გვქონდეს, რადგან პატრიარქი ცოცხალი აღარ არის და ჭეშმარიტ მიზეზებზე ვეღარ ისაუბრებს.
მოხდა თუ არა კანონიკური კანონების გვერდის ავლით მეუფე შიოს გამოცხადება თანამოსაყდრედ? ნამდვილად მოხდა. ამაზე საუბრობდნენ მღვდელმთავრები, თეოლოგები, ასახელებდნენ კონკრეტულ მუხლებსა და წმინდა კრებების მითითებებს. სიცოცხლეში დაწერილი ბრძანება წმინდა სინოდმა მიიღო, როგორც ანდერძი, ხოლო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მოწვეულმა სინოდმა ის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაასახელა. მისი ფუნქცია იყო პატრიარქის დაკრძალვის ხელმძღვანელობა და ამას მეტ-ნაკლებად თავი კარგად გაართვა.
ახლა მეუფე შიოს ფუნქცია, კანონიკური სამართლის მიხედვით, გაფართოებული კრების მოწვევა და ახალი პატრიარქის არჩევის პროცესის ხელმძღვანელობაა. მას აქვს უფლება იყოს კანდიდატი, დიახ, რასაკვირველია, აქვს.
- ნიშნავს თუ არა მოსაყდრედ დასახელება პატრიარქის მემკვიდრედ გამოცხადებას? საზოგადოების ნაწილი მას ასე აღიქვამს.
- არა, ეს მის მემკვიდრედ გამოცხადებას არ ნიშნავს. პირველი: პატრიარქს რომ ამის სურვილი ჰქონოდა, სიცოცხლეშივე იტყოდა. უფრო მეტიც, მას შეეძლო, მით უმეტეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევდა, სიცოცხლეშივე ეთქვა უარი საპატრიარქო ტახტზე მეუფე შიოს სასარგებლოდ და მისი სიცოცხლეშივე მომხდარიყო შიოს გაპატრიარქება. მოხდა ეს ასე? არ მოხდა. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ლტოლვა პატრიარქს აქეთკენ არ ჰქონია.
მერე კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რით ითვლება ეპისკოპოსი გავლენიანად. ამ გავლენაში, პირველ რიგში, მხარდამჭერთა რაოდენობა იგულისხმება - ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს წმინდა სინოდში. მხარდამჭერები კი ჩნდებიან იქიდან, ვინც მათი წარდგინებით აკურთხა პატრიარქმა ეპისკოპოსად. ამ თვალსაზრისით, მეუფე შიო ნამდვილად ვერ არის გავლენიანი. არ მახსენდება მისი წარდგინებით გამორჩეული ვინმე, ვინც პატრიარქმა აკურთხა.
ილია მეორემ მეუფე შიოს არც 6 დაქვრივებულ ეპარქიაში ეპისკოპოსების დანიშვნის უფლება მისცა. მას შეეძლო აერჩია ეპისკოპოსები, ეკურთხებინა ისინი და ისინი ავტომატურად შიოს მხარდამჭერები გახდებოდნენ. სინოდის სხდომებიც კი არ ტარდებოდა - სინოდის მოწვევის შესაძლებლობა ილია მეორემ მეუფე შიოს არ მისცა. ეს ყველაფერი გვავარაუდებინებს, რომ პატრიარქის ბრძანებით მეუფე შიო ნამდვილად იყო დანიშნული მოსაყდრედ და არა მემკვიდრედ.
- მემკვიდრედ რომ ყოფილიყო დასახელებული, ეს რამეს ცვლიდა?
- არა, რადგან წმინდა სინოდს შეეძლო სრულიად სხვა, ალტერნატიული გადაწყვეტილება მიეღო და არ გაეთვალისწინებინა პატრიარქის მოსაზრება. ესეც კანონიკური წესებით დაშვებულია. ეკლესიის მართვა-გამგეობა არ არის პოლიტიკური სისტემის ანალოგი. ეკლესია სასულიერო ინსტიტუციაა, იქ გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფლების სხვა ხარისხია.
- ოპოზიცია და სასულიერო პირთა ნაწილი აპელირებს იმაზე, რომ ხელისუფლების სიმპათიები მეუფე შიოსკენ არის მიმართული. რა არის მიზეზი და გარემოება, რის გამოც შესაძლოა, ხელისუფლებას ასეთი სიმპათიები ჰქონდეს მის მიმართ?
- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება პატრიარქი. მოცემულობა ასეთია: პატრიარქმა ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, ძალიან ძლიერი და გავლენიანი დატოვა. მართალია, ეს ავტორიტეტი მის პერსონალურ ავტორიტეტზე დგას, მაგრამ ინსტიტუტს საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს. ამიტომ ივანიშვილს ხშირად უწევდა ამ ინსტიტუტისთვის ანგარიშის გაწევა, რაც მაინცდამაინც არ ხიბლავდა. რეალურად, ეკლესია ამ მდგომარეობით ივანიშვილთან ჩაზიარებული იყო ძალაუფლების სისტემაში.
მას ერთი ამოცანა აქვს: ეს ძალაუფლება შეცვალოს ისე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღარ იყოს დამოუკიდებელი, ავტორიტეტული ინსტიტუცია და მხოლოდ ინსტრუმენტი იყოს მის ხელში, იოლად მართვადი და არა ანგარიშგასაწევი. ამიტომ, მას შესაბამისი კანდიდატის არჩევა სურს. როგორც ჩანს, შიო მუჯირი ხელისუფლებისადმი მორჩილებაშია შემჩნეული, შეიძლება ითქვას, სიმპათიებშიც. ამიტომ, ბუნებრივია, გასაკვირი არ იქნება, რომ ივანიშვილს ის მოსწონდეს. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა: არის კი მხოლოდ მეუფე შიო ის, ვინც ხელისუფლებისადმი მორჩილებით გამოიჩენს თავს? არ გამოვრიცხავ, რომ ამასობაში სრულიად სხვა კანდიდატი იყოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი.
- გარე ჩარევებზეც მინდა გკითხოთ: რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ცდილობს გავლენის გაძლიერებას საქართველოს ეკლესიაზე და პატრიარქის პოსტზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს. რამდენად რეალურია ეს განცხადება?
- მსოფლიო საპატრიარქოს, სურვილის შემთხვევაშიც კი, გავლენის ბერკეტები თითქმის არ აქვს. ეს არის გარკვეული პრევენცია რუსული გავლენების შესაფუთად და ყურადღების არასწორი მიმართულებით გადასატანად.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ლელა ჯეჯელავა




