Logo

ლელა ჯეჯელავა - მგონია, რომ აშშ-ში სისტემა შეძლებს, არ მოხდეს უკრაინის მსხვერპლად შეწირვა, რადგან ეს შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს მთელ მსოფლიოს

Frontnews image description

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ლელა ჯეჯელავა Front News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებსა და უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივებს აფასებს. ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს ომის „ერთ თვეში“ დასრულების შესაძლებლობას და ტრამპის განცხადებებს უფრო მის პირად პიარ-სტრატეგიად და „სტრატეგიული გაუგებრობის“ შექმნის მცდელობად მიიჩნევს, ვიდრე აშშ-ის ჩამოყალიბებულ სახელმწიფო პოლიტიკად. ჯეჯელავა ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი გარიგება, რომელიც უკრაინელი ხალხის ნებასა და ევროპის ინტერესებს გვერდს აუვლის, განწირულია, ხოლო უკრაინის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის ირანის ფაქტორთან და ჩინეთთან რუსეთის დისტანცირების მცდელობასთან.

- ქალბატონო ლელა, დონალდ ტრამპმა ზელენსკისთან საუბარში ახსენა, რომ ომის დასრულება ერთ თვეში სურს. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ასეთი მოკლე ვადა და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ვაშინგტონი მზად არის უკრაინას აიძულოს მტკივნეული კომპრომისები მხოლოდ სწრაფი შედეგის მისაღწევად?

- ვიცით, რომ დონალდ ტრამპი თავიდან უკრაინის ომს ერთ კვირაში „ასრულებდა“. ამბობდა იმასაც, რომ  24 საათში დასრულება შეეძლო. საქმე იმაშია, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები არ არის ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისად, ჩვენ მათ ასე ვერ აღვიქვამთ. ეს განცხადებები დონალდ ტრამპის პირადი პიარის თემაა და მგონია, რომ მის ყველა გამოსვლას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც სწორედ ასე განიხილავენ. სამწუხარო ისაა, რომ რუსეთს ეს განცხადებები აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი უკეთ წარმოაჩინოს, გამოიჩინოს თავხედობა ახალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურულ პროცესში. ვნახეთ ლავროვის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვი ვადებზე არაფერს ამბობს და მათ საკუთარი ამოცანები აქვთ. 

ტრამპს უყვარს და მოსწონს ასეთი პოზიციონირება. მესმის, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტია და საკუთარი თუ ქვეყნის ძლიერების წარმოჩენას ასე ცდილობს. თუმცა, მე არ მგონია, რომ ერთ თვეში ომის დასრულება შესაძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპას ცოტა განსხვავებული ინტერესები აქვს.

რასაკვირველია, უკრაინასაც აქვს თავისი ამოცანები, რომლებიც გადასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის წინაშე ბევრი პრობლემა დგას, სრული დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ბრძოლისუნარიანია. იმ ადამიანური რესურსების მიუხედავად, რაც მას ბრძოლის ველზე აქვს, უკრაინას ომის გაგრძელება შეუძლია.

- მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ერთადერთი ქვეყანაა, ვისაც მხარეების მაგიდასთან დასმა შეუძლია. როგორ ფიქრობთ, ევროპული ქვეყნებისა და გაეროს პროცესიდან ფაქტობრივი დისტანცირება ხომ არ აჩენს რისკს, რომ შეთანხმება მხოლოდ ორ ზემძლავრ სახელმწიფოს შორის გარიგებად იქცეს უკრაინის ინტერესების ხარჯზე?

- დონალდ ტრამპი გარიგებების მასტერია. მას მოსწონს გარიგებები და მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ამ გარიგებების ფასი მისთვის იმდენად საყურადღებო არ არის, რამდენადაც თავად შედეგი. პირველ რიგში, ტრამპს უნდა, რომ ომის დასრულება თავის აქტივში ჩაიწეროს. იცით, როგორ ხშირად უსვამს ხაზს, რომ "რვა ომი დაასრულა“.

გარდა მაგისა, არსებობს გარკვეული ინტერესები, თუ გამოვალთ პუტინისა და ტრამპის შეხვედრების შედეგებიდან. რუსეთისთვის ამერიკასთან პირისპირ მოლაპარაკება და ევროპის გათიშვა პოლიტიკური კუთხით უკვე გარკვეული სახის წარმატებაა, რასაც რუსეთი კბილებით დაიცავს. უნდა ითქვას, რომ ამ ვითარებაში საკმაოდ კარგად ლავირებს ზელენსკი. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ის, როგორც პოლიტიკოსი, ახერხებს სიტუაციას მოერგოს. თუმცა, ევროპასაც აქვს თავისი ინტერესები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ეს ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე ომია და პროცესიდან მათი გათიშვა სწორი არ არის. სამწუხაროდ, იმის აღიარებაც გვიწევს, რომ მათ თავად მიუშვეს სიტუაცია იქამდე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან აღარ ყოფილიყვნენ. რასაკვირველია, ყველა შეცდომას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი განსაკუთრებით მაღალია ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.

- ტრამპი უკრაინას „მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს“ ჰპირდება. თქვენი ანალიზით, რა შეიძლება იყოს ნატოს წევრობის ალტერნატივა, რომელიც უკრაინას რეალურად დაიცავს რუსეთის შემდგომი აგრესიისგან და არა მხოლოდ „ბუდაპეშტის მემორანდუმის“ მსგავსი ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდება?

- სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ როდესაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხი დააყენეს, ეს ძალიან სერიოზული გზავნილი იყო როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკისთვის. ევროპელები, პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში, არ არიან ისეთი სუსტები, რომ წინააღმდეგობა ვერ გაუწიონ უკრაინასთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ უკრაინის უსაფრთხოება არ იქნება დაცული, ეს ირიბად ნიშნავს, რომ არც ევროპის უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი.

ჯერჯერობით არ ვიცით ამერიკელების მხრიდან ღიად არ ყოფილა საუბარი იმაზე, თუ უკრაინის დასაცავად რა სახის ბერკეტები იქნება გამოყენებული. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ 4 წლის შემდეგ რუსეთი იმ ტერიტორიების დათმობას ითხოვს, რომელთა დაპყრობაც ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო. ეს ნათლად აჩვენებს რუსეთის დღევანდელ სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს. სიმართლე გითხრათ, ძნელად ვპოულობ ახსნას, რატომ არ ცდილობს აშშ ამის გამოყენებას. თუმცა, ამერიკას სხვა მიზნები აქვს, მისი ინტერესები უფრო შორს მიდის და ჩინეთს უკავშირდება. ტრამპის მიზანია, ჩინეთს ხელიდან გამოაცალოს რუსეთი, როგორც „პროქსი“ ძალა. ეს გასაგებია, მაგრამ ეს არ არის იმის ტოლფასი, რაც შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებული არასწორი შეთანხმების შედეგად მივიღოთ.

- პესკოვი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზელენსკისთან შეხვედრის აზრს. არის თუ არა ეს მოსკოვის მხრიდან ვაჭრობის ელემენტი, რათა ტრამპისგან კიდევ უფრო მეტი დათმობა (მაგალითად, სანქციების მოხსნა) მიიღონ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის სანაცვლოდ?

- რუსეთი მოლაპარაკებების პროცესში ძალიან მიზანმიმართულია. რუსული დიპლომატია, მიუხედავად სიხისტისა, მიზანზეა ორიენტირებული. ხშირ შემთხვევაში, ისინი ახერხებენ მოლაპარაკებებში იმაზე მეტი მიიღონ, ვიდრე იმსახურებენ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ აშშ-ში სისტემა შეძლებს, ამ მოლაპარაკებებში ამერიკელების პოზიცია წამგებიანი არ იყოს. არ მოხდეს უკრაინის მსხვერპლად შეწირვა, რადგან სისტემის წარმომადგენლებმა იციან, რომ ეს შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს. მით უმეტეს, რომ ერთ თვეში ამ ომის დასასრული გამორიცხულია.

- ჟენევაში აქტიურად განიხილება ეკონომიკური აღდგენის მექანიზმები. ხომ არ ჩანს აქ ტრამპისეული ბიზნეს-მიდგომა - "ეკონომიკური დახმარება ტერიტორიების სანაცვლოდ“? რამდენად მისაღები იქნება ეს ფორმულა უკრაინული საზოგადოებისთვის?

- ტრამპის პოზიცია, რომ უკრაინის ბედი ამერიკასა და რუსეთს შორის გადაწყდეს და ეს არ შეესაბამებოდეს უკრაინელი ხალხის ნებას, ვფიქრობ, არასწორია და ასე ვერც მოხდება. უკრაინელი ხალხის ნების გარეშე ზელენსკი ვერცერთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. არ მგონია, უკრაინელებს ჰქონდეთ სურვილი, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის, უბრძოლველად დათმონ. პუტინისთვის ამ ტერიტორიების „ხონჩით“ მირთმევა არცერთ უკრაინელს არ ენდომება.

- თუ მარტის დასაწყისში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა დათმობებზე დაფუძნებულ შეთანხმებას მიუახლოვდება, როგორ აისახება ეს ზელენსკის რეიტინგსა და ქვეყნის შიგნით არსებულ სტაბილურობაზე? ხომ არ გამოიწვევს ეს შიდა პოლიტიკურ კრიზისს?

- ზელენსკის ფიგურის განეიტრალება უკრაინელი ხალხის ნებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. თუ ამას ვინმე ელოდება, ეს მცდარი მოლოდინია. ვინც არ უნდა იყოს ზელენსკის ადგილას, შეუძლებელია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება. გასაგებია, რომ ეს მოცემულობა ადვილი არ არის და საკმაოდ რთული ვითარებაა.

გარდა მაგისა, აშშ-ს აქვს ძალიან რთული საკითხი ირანის სახით და არავინ იცის, იქ რა მოხდება. ტრამპმა თამასა ირანთან დაკავშირებით საკმაოდ მაღლა ასწია და ახლა ეს საკითხი მოსაგვარებელია. ამიტომ მისი განცხადებები, რომლებიც ხშირად სტრატეგიულ გაუგებრობებს ქმნის ახლო აღმოსავლეთში, ღაზაში, ირანსა თუ უკრაინაში, ყოველთვის არ ემთხვევა აშშ-ის სახელმწიფო პოზიციას. ზოგჯერ შეიძლება ითქვას, რომ ეს სტრატეგიული გაუგებრობა ამერიკას ეხმარება კიდეც. ვფიქრობ, ირანის საკითხის გადაწყვეტამდე უკრაინის საკითხის ბოლომდე გარკვევას არ უნდა ველოდოთ. ირანი რეგიონში ვითარებას როგორ შეცვლის, ეს ცალკე თემაა. შესაბამისად, უკრაინასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ გარღვევას არ ველი; წლის ბოლომდე შესაძლოა, რაღაც გაირკვეს, მანამდე კი ომში გარდატეხას არ მოველი.

ელზა პაპოშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები