ლელა ჯეჯელავა - უნდა გამოიძებნოს გზები, რათა მნიშვნელოვანი წნეხი პერსონალურ სანქციებზე მოვიდეს, ვიდრე ქართველი ხალხის დასჯაზე


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს, ჰელსინკის კომისიის ბოლო მოსმენაზე ქვეყანასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე და კრიტიკული შეფასებები გაკეთდა. ამავე დროს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ "მეგობარი აქტი" ერთმა სენატორმა დაბლოკა, რასაც ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან წინ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს. როგორ აფასებს ამ პროცესს და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს საქართველოს აშშ-ისგან? ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი და თსუ-ის პროფესორი ლელა ჯეჯელავა Front News-თან ინტერვიუში საუბრობს.
- საქართველოს ხელისუფლება ამბობს აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა უნდა, თუმცა 10 სექტემბერს ჩვენ ვიხილეთ ჰელსინკის კომისია, სადაც საკმაოდ მძიმე და მკაცრი შეფასებები გაკეთდა „ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. აქვე ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ „მეგობარი აქტი“ გაყინულია, რადგან ის ერთმა სენატორმა დაბლოკა. ხელისუფლებამ კი ეს აშშ-ს მხრიდან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია. როგორ აფასებთ ამ პროცესს? რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას ახლა აშშ-დან?
- განცხადების ტექსტში, რომელიც ჰელსინკის კომისიის მოსმენამდე გამოქვეყნდა, მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ სიტუაცია „პარტნიორობიდან პრობლემამდეა“ მისული. როგორც ვხედავთ, ამერიკა „ოცნებას“ პრობლემად მიიჩნევს. განცხადების ტექსტში პირდაპირ წერია, რომ „ოცნების“ ხელისუფლება რეგიონში ხელს უშლის ამერიკის სტრატეგიული ინტერესების განხორციელებას. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ახლა როგორ უნდა მოიქცეს შეერთებული შტატები? ხელი უნდა აიღოს ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში თავისი ინტერესების განხორციელებაზე, თუ უნდა მოაგვაროს ის პრობლემა, რომელიც „ოცნების“ სახით არსებობს? ბუნებრივია, უნდა მოაგვაროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ძალიან ღიად შემოუთვალა „ოცნების“ ხელისუფლებას, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება და როგორ დაუბრუნდებოდა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობა იმ ნიშნულს, საიდანაც „ოცნებამ“ სრულად შემოაბრუნა ის. ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. მაშინ შეერთებულმა შტატებმა უნდა იპოვოს სხვა გზა და დამერწმუნეთ, „მეგობარი აქტი“ არ არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც აშშ-ს "ოცნებაზე“ ბერკეტად შეიძლება გამოადგეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-მა ხელი აიღო „ოცნების“ პრობლემის მოგვარებაზე.
- მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: თუკი ხელისუფლებამ უკვე მიიღო აშშ-ის ადმინისტრაციისგან გზავნილი და იციან, რას ითხოვს ტრამპის ხელისუფლება, როგორ ხსნით პრემიერ კობახიძისა და პრეზიდენტ ყაველაშვილის ღია წერილებს, რომლებიც მათ აშშ-ის პრეზიდენტს მისწერეს? რა არის ამ პოლიტიკური სვლის მიზანი?
- ეს წერილები ძირითადად შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რეალურად რაიმეს შესაცვლელად. რომ გითხრათ, „ოცნებას“ ამის განსაკუთრებული ინტერესი აქვს, მით უმეტეს იმ პირობებით, რასაც აშშ სთავაზობს, ბუნებრივია, არა. თუმცა, მან უნდა გაამართლოს აშშ-თან ურთიერთობების გაუარესება. ამ წერილებით და ეპისტოლეებით ხელისუფლება თავისი ვიწრო გადასახედიდან ქმნის ოპტიკას, თითქოს ურთიერთობების მოგვარების რაიმე სერიოზული მიზნები აქვს.
კარის ფილოსოფოსი შათირიშვილი თავის ბოლო ნაშრომში ასე პირდაპირ ტრამპს „დიფ სთეითის“ წარმომადგენელს არ უწოდებდა. ანუ, თუკი ურთიერთობის დალაგებაზე მიდის საუბარი, მაშინ რატომ წერს შათირიშვილი საპირისპირო წერილებს, რომლის უკანაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას? ერთი ხელით სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებას ითხოვენ ისე, რომ არ უნდათ აშშ-ის მიერ მნიშვნელოვნად მიჩნეული პირობების შესრულება. მეორე მხრივ კი, ტრამპს „დიფ სთეითს“ უწოდებენ, რომელთანაც ივანიშვილს, მათი მტკიცებით, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვს გამოცხადებული. ტრამპს წერილს რუსეთის ფედერაციის "ეფესბეს" სამსახური წერს.
- ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და პირადად ტრამპი ისეთ ავტოკრატიულ ქვეყნებთან, როგორიც მაგალითად ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია, არ ერიდება ურთიერთობას. უფრო მეტიც, მან აზერბაიჯანთან ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულებაც კი გააფორმა. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის გაუგებარია, რა არის მიზეზი, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას ამ დრომდე არ გამოხატავს?
- "ქართულ ოცნებას“ წარმოდგენა არ აქვს გეოპოლიტიკის პრინციპებსა და აშშ-ის გეოსტრატეგიულ ინტერესებზე. გარდა ამისა, რომც ჰქონდეთ, მათ ვინ აძლევს უფლებას თავიანთი ხედვების მიხედვით ააწყონ პარტნიორთან ურთიერთობა? ცხვირი იმაზე აქვთ ჩამოშვებული, რომ „რატომ ალიევი და რატომ ჩვენ არაო“. აზერბაიჯანს ამერიკის შეერთებული შტატები თავისი გეოცივილიზაციის ნაწილად და პარტნიორად არ მიიჩნევს. აპირებს, რომ ითანამშრომლოს, მაგრამ მას პარტნიორად არ აღიქვამს. საქართველოს დასავლეთისთვის სრულიად სხვა ღირებულებითი და სტრატეგიული დანიშნულება აქვს, მაგრამ ამდენი არ იციან. მგონი, არც მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ, გამომდინარე იქიდან, რა როლიც მათ აირჩიეს. აშშ არასოდეს იმ საზომით არ გაზომავს აზერბაიჯანთან ურთიერთობას, რითაც საქართველოსთან ზომავს.
- ბოლო დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის ალბათობა იზრდება და საქართველოს მოსახლეობა ბრიუსელის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ მოლოდინი უვიზო მიმოსვლის გაუქმების და ეს ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის შანტაჟად შეაფასეს. თქვენი მოლოდინი როგორია, წლის ბოლოსთვის არსებობს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე?
- საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა და შეჩერება ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ მერე, ხელისუფლების ცვლილების პირობებში, დიდი დრო დაგვეკარგება იმაში, რომ ვიზალიბერალიზაცია ისევ აღვიდგინოთ. უკვე მოპოვებულის დაკარგვა ყოველთვის ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან ძალიან ხაზგასმით არის სამუშაო, რათა სხვა ტიპის ვერდიქტი იყოს მიღებული ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა. მე მესმის, რომ სამართლებრივად და პროცედურულად ევროკავშირისთვის ბევრად უფრო იოლად განსახორციელებელია ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა. ამას უბრალოდ კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, აქ კონსოლიდირებული გადაწყვეტილებაა მისაღები. ამიტომ მიმაჩნია, რომ მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გამოიძებნოს გზები, რათა მნიშვნელოვანი წნეხი პერსონალურ სანქციებზე მოვიდეს, ვიდრე ქართველი ხალხის დასჯაზე.
- 4 ოქტომბერი ოპოზიციის მხრიდან მნიშვნელოვან და გარდამტეხ რიცხვად არის დასახელებული. ხელისუფლება ყველას აფრთხილებს, რომ ვინც „რევოლუციისკენ“ მოწოდებებს გააკეთებს, პასუხისგებაში იქნება მიცემული. ვნახეთ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავება. რა მოლოდინი გაქვთ ამ დღესთან დაკავშირებით და რა სახის ცვლილებას უნდა ელოდოს მოსახლეობა?
- მუქარების მიუხედავად, საქართველოში მაინც რჩება კრიტიკული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში პროტესტი არ ჩაცხრეს. რაც შეეხება „ოცნებას“, ძალიან მოკლე აზროვნებისაა. მათ არ შესწევთ უნარი, განსხვავება იპოვონ ბელარუსსა და საქართველოს შორის, სადაც ამ ტიპის რეპრესიებით პროცესი არ ჩაცხრება. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ეს არ არის ოპოზიციის თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის თარიღი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა. ეს არის ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის დუელი. აქედან გამომდინარე, რადგან მან არჩევნების თარიღი დაკიდა, რომელიც შინ და გარეთ არალეგიტიმურია, ხალხმა თავისი სიმრავლით უნდა აჩვენოს, რომ 4 ოქტომბერს საღამოს რაც არ უნდა გაიფორმოს, მას არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს. უნდა უთხრას, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ხელისუფლებაში ძალით იყოს. ხალხმა მას უნდა აჩვენოს, რომ არ აპირებენ ძალაუფლება დაუტოვონ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ლელა ჯეჯელავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს