Logo

ლევან მაჭავარიანი - გასაკვირი არაფერია ბატონი ფიშერისგან

პოლიტიკა
61
Frontnews image description

არის კონკრეტული ინფორმაცია, რომ პეტერ ფიშერმა საიდუმლო შეხვედრა გამართა რადიკალებთან, რაც არავის უნდა გაუკვირდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი არის ადამიანი, რომელიც რადიკალ აქტივისტებთან ფოტოებს იღებდა და დადიოდა სასამართლო პროცესებზე, რათა მოსამართლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა

„გასაკვირი არაფერია ბატონი ფიშერისგან, რომელიც მამუკა ხაზარაძის მდგმური გახლავთ. ადამიანი, რომელიც გაწვეული იყო კონსულტაციებზე, ჩამოვიდა, ორი დღეც ვერ მოითმინა, მივიდა აქციებზე, პოზირებდა და ფოტოებს იღებდა ერთ-ერთ რადიკალურ აქტივისტთან, რომელიც ჩვენს ეკლესიას ლანძღავდა და აგინებდა და რომელიც დაკავებულია. მანამდე, ფოტოებს იღებდა ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ ქალბატონ მარიამ ლაშხს მიუვარდნენ და მთელი პერფორმანსი დაუდგეს. ეს არის ადამიანი, რომელი გამიზნულად ლობირებს ბანერთან, რომელსაც აწერია „მონა“, რომელიც დადიოდა სასამართლო პროცესებზე, რათა მოსამართლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა. ახლა კი, არის კონკრეტული ინფორმაცია, რომ პეტერ ფიშერმა საიდუმლო შეხვედრა გამართა რადიკალებთან, რაც არავის უნდა გაუკვირდეს. ამ რადიკალების ჯგუფში ერთ-ერთია ბატონი მიშველაძე, რომელიც გამორჩეული რადიკალია, გირჩი ჯაფარიძის პარტიის წევრი. ეს იყო დახურული, საიდუმლო სახის შეხვედრა. არის ინფორმაცია, რომ ბატონი ფიშერი ამ შეხვედრაზე ამ რადიკალებს მოუწოდებს, რომ ეს აქციები უკვე თავის ძალას კარგავს და მუხტის მოსამატებლად უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი, კერძოდ უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რათა ამ აქციას მუხტი მიეცეს და რადიკალურ ქმედებებში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 15 იანვარს აქციების მონაწილე რამდენიმე აქტივისტს შეხვდა. კერძოდ, „იმედის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრის თემა იყოს აქციების დაფინანსება, შემდგომი სტრატეგია, მათ შორის საუბარი იყო ირანულ სცენარზეც. აღნიშნული პირები გერმანიის ელჩთან შეხვედრას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საუბრის თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საელჩოში 15 იანვრის შეხვედრაზე ირანის სცენარზე საუბარი არ ყოფილა და მსგავს დეზინფორმაციას გერმანიის სახელით აპროტესტებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები