ლევან მახაშვილი - ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით, ჩვენ საქართველოს ინტერესებით გადავდგამთ თითოეულ ნაბიჯს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით. იქნებიან ძალები, რომელთა მოთხოვნები და გადაწყვეტილებები უსამართლო იქნება; იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ინტეგრაციის საკითხს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებენ და გაწევრიანების პროცესს დაუსრულებელ ლაბირინთად აქცევენ; ითამაშებენ ჩვენი მოსახლეობის ემოციებსა და ნერვებზე; ჩაერევიან შიდა საქმეებში და ეცდებიან თავიანთ ჭკუაზე ატარონ საქართველო, - წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგამს თითოეულ ნაბიჯს, ხოლო, ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში.
მახაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მმართველი გუნდი სათანადოდ შეაფასებს თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, ამავდროულად, ისინი იმოქმედებენ არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ.
"საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით.
იქნებიან ძალები, რომელთა მოთხოვნები და გადაწყვეტილებები უსამართლო იქნება; იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ინტეგრაციის საკითხს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებენ და გაწევრიანების პროცესს დაუსრულებელ ლაბირინთად აქცევენ; ითამაშებენ ჩვენი მოსახლეობის ემოციებსა და ნერვებზე; ჩაერევიან შიდა საქმეებში და ეცდებიან თავიანთ ჭკუაზე ატარონ საქართველო.
თუმცა, როგორც ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“. ჩვენ ვმოქმედებთ არა დღევანდელობით, არამედ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღით - გაერთიანებული, მშვიდობიანი, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფოს იმედითა და მიზნით.
ჩვენ საქართველოს ინტერესებით გადავდგამთ თითოეულ ნაბიჯს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე; ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში. ჩვენ კი ვივლით წინ. სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ", - წერს ლევან მახაშვილი.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს