Logo

ლევან სანიკიძე - მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის ახალგაზრდობას, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა, დღეს კი ავტორიტარიზმის ბნელ გზას დაადგა

პოლიტიკა
327
Frontnews image description

“მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის ახალგაზრდობას, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა, ხოლო დღეს ავტორიტარიზმის ბნელ გზას დაადგა. ჩვენ დავიბადეთ თავისუფალ საქართველოში და არ დავნებდებით ავტორიტარიზმს. ჩვენი მომავალი ევროპაშია!” - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის – YEPP-ის (Youth of the European People’s Party) რიგით მე-15 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, ახალგაზრდული ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრებო, პატივია, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი თაობის სახელით გელაპარაკებით — თაობის, რომელსაც მტკიცედ სჯერა ევროპის, როგორც ჩვენი ერთადერთი მომავლის, და რომელიც არასოდეს შეწყვეტს ამ მიზნისთვის ბრძოლას.

მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის ახალგაზრდობას, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურად მიიჩნეოდა, ხოლო დღეს ავტორიტარიზმის ბნელ გზას დაადგა. ეს ქვეყანა საქართველოა - ჩემი სამშობლო, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში და პუტინის გზისკენ ექაჩება.

ჩვენ, ვინც თავისუფალ საქართველოში დავიბადეთ, არასდროს შევეგუებით რუსეთის ბატონობას. არასდროს შეველევით თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს - თქვენთან ერთად! პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტიის დამფუძნებელი, რომელსაც დღეს წარმოვადგენ, უკვე თითქმის ოთხი წელია, პოლიტპატიმარია. ეს ის ადამიანია, ვინც საქართველო ჩამოშლილი სახელმწიფოდან ძლიერ და ფუნქციურ სახელმწიფოდ გადააქცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად იქცა.

როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუდამ იცავდა იმ ღირებულებებს, რომელთა გარშემოც დგას ევროპის სახალხო პარტია: კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ევროპული ინტეგრაცია.

დღეს, ამ ფასეულობების დაცვის გამო, ჩვენს თანამებრძოლებს აპატიმრებენ. შეიძლება, მომდევნო შეხვედრაზე მე თვითონაც ვეღარ მოვიდე, შეიძლება მეც დამაკავონ, როგორც კიდევ 60-მდე პოლიტპატიმარი. უკვე 227 დღეა, რაც ჩემი თაობა, ქართველი ახალგაზრდობა, თბილისის ქუჩებში იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.

ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს სასტიკი რეპრესიების დროს. ამ თვეების განმავლობაში მუდამ ჩემს თანატოლებთან ვიდექი გვერდიგვერდ. და მიუხედავად ძალადობისა და უსამართლობისა, ისინი არ გატყდნენ.
ჩვენ არ დავნებებულვართ. და გთხოვთ არც თქვენ დანებდეთ. ნუ მიატოვებთ საქართველოს!

ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია ამ ბრძოლის სულისკვეთებას ასახავს. ჩვენ წარმოდგენილი ვართ საქართველოს ყველა რეგიონში.

UNM Youth ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და ენერგიული პოლიტიკური ახალგაზრდული მოძრაობაა ქვეყანაში. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ქუჩაში ვდგავართ და ვიცავთ ევროპულ მომავალს. ეს ბრძოლა მარტივი არაა. ჩვენს ბევრ წევრს ემუქრებიან, ავიწროებენ და დევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ შეხედულებებს ღიად აფიქსირებენ. მათი სიმტკიცე არ შესუსტებულა. სწორედ ამიტომ სურს რეჟიმს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის გაუქმება, ჩვენი მოძრაობის ჩახშობა.

ახალგაზრდული ნაციონალური მოძრაობის მიღება EPP Youth-ის ოჯახში იქნება ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი წევრებისთვის, არამედ მთელი ქართული ახალგაზრდობისთვის: რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც მუხლჩაუხრელად იცავს დემოკრატიას. ეს იქნება მტკიცე სიგნალი, რომ ევროპული სოლიდარობა არ იცის საზღვრები, ის ვრცელდება ღირებულებებით. ჩვენ მხოლოდ ფორმალურ წევრობას არ ვითხოვთ, პარტნიორობას გთავაზობთ.

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ EPP Youth-ის მისიაში, ჩვენი ენერგიით, გამოცდილებით და აღმოსავლეთ პარტნიორობიდან მომდინარე უნიკალური ხედვით.

ერთად შეგვიძლია დავიცვათ დემოკრატია, გავაძლიეროთ ევროპული ღირებულებები და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი კონტინენტის მომავალი არ აშენდება შიშზე, არამედ ერთობაზე და საერთო მიზნებზე.

საქართველოს მომავალი ევროპაშია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა მზადაა, ეს მომავალი ააშენოს. დღეს თქვენთან იმედის გზავნილით მოვდივართ, ქართველი ახალგაზრდების გამძლეობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გზავნილით. და გთხოვთ, იდექით ჩვენს გვერდით. რადგან ერთად უფრო ძლიერები ვართ. და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვიმედოვნებთ თქვენს მხარდაჭერას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდხანს იცოცხლოს ევროპამ! გმადლობთ!” - განაცხადა ლევან სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის – YEPP-ის (Youth of the European People’s Party) – რიგით მე-15 კონგრესზე ოფიციალურად გახდა პირველი ქართული პოლიტიკური პარტია, რომელმაც ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მოიპოვა.

Advertisement