Logo

მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება, შეფასდეს, რომ ჩიხშია შესული, ამის მიზეზი ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულებაა

პოლიტიკა
134
Frontnews image description

ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება, შეფასდეს ისე, რომ ჩიხშია შესული, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი. ეს მიზეზი არის ის დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.

"პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვნახოთ პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება სწორედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე დამოკიდებულია ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური და მშვიდი განვითარების შესაძლებლობა. ეს არის ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი, რაზეც შეიძლება, დაშენდეს ​ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია. „ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიულს არაფერს აკეთებს. ანტიდემოკრატიულს თუ ვინმე აკეთებს, აკეთებს ის, ვინც არ შევიდა პარლამენტში, უარი უთხრა ხალხის ხმას და ყველა ის, ვინც ქუჩაში პოლიტიკური პროცესების წარმართვას ახალისებს. ეს არის ანტიდემოკრატიული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსისა“ და ბრიტანეთის ელჩის გარეთ უორდის შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც „ალიანსის წევრებმა თქვეს, რომ ისაუბრეს პერსონალურ სანქციებზე, რომელიც უნდა დაუწესდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს“.

ბოჭორიშვილის განცხადებით, „ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური და ისინი პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ“.

"დღის წესრიგი არის გასაგები. ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური და შესაბამისად, პარტნიორებს ისინი ეძებენ ქვეყნის გარეთ. ოპოზიციას არასდროს უძებნია პარტნიორი ქვეყნის შიგნით და ქართველ ხალხში. ისინი პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ – სად მოხდება მათი ინტერესების თანხვედრა, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესები. ამის გამოხატულებაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები