Logo

მაკა ბოჭორიშვილი - შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება

პოლიტიკა
59
Frontnews image description

დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა. კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება.

თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება არა პოლიტიკური შეფასება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მარტივად მიწებება — ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა. პრინციპების დაცვას და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის — ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის ასიათასობით მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება დღემდე წართმეული აქვს.

ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით.

მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება.

დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები