Logo

მაკრონი - პუტინს სურს უკრაინის კაპიტულაცია, ჩვენ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოვადგინოთ

უკრაინა
173
Frontnews image description

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კაპიტულაციას სთავაზობს. მან აღნიშნა, რომ ევროპამ და უკრაინამ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინონ.

"ვფიქრობ თუ არა, რომ პრეზიდენტ პუტინს მშვიდობა სურს? პასუხია არა. ვფიქრობ თუ არა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობა სურს? დიახ. ვფიქრობ, მას (პუტინს) უკრაინის კაპიტულაცია სურს და სწორედ ამას გვთავაზობს“, - განაცხადა მაკრონმა.

როგორც ცნობილია, ხვალ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლს ეწვევა და ომის დასრულების დეტალებს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაში რამდენიმე ევროპელი ლიდერიც მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხვალ ტრამპთან „მკაცრი“ დისკუსია დააანონსა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხვალინდელი მოლაპარაკებების მიზანია უკრაინასა და ევროპელ მოკავშირეებს შორის „ერთიანი ფრონტის დემონსტრირება“.

მაკრონის თქმით, ევროპელ მოკავშირეებს სურთ, რომ "უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცენ" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი წარმოდგენილი უნდა იყოს უკრაინის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებებში.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, უკრაინას სჭირდება ძლიერი არმია.

"უკრაინის არმიის არარსებობაზე, მისი რაოდენობის შემცირებაზე დაფუძნებული ნებისმიერი შეთანხმება იქნებოდა არაგულწრფელი შეთანხმება, რომელიც განწირულია დარღვევისთვის... არის ერთი სახელმწიფო, რომელიც გვთავაზობს მშვიდობას, რაც კაპიტულაცია იქნება: რუსეთი“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დღეს მოსკოვთან ურთიერთობაში სისუსტე იქნება, მაშინ ეს არის მომავალი კონფლიქტების საფუძველი.

„თუ დღეს რუსეთთან ურთიერთობებში სუსტები ვართ, ხვალინდელი კონფლიქტებისთვის ვემზადებით“, - აღნიშნა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მთავრობას 2008 წლიდან „არასდროს შეუსრულებია მშვიდობისა და თავდაუსხმელობის შესახებ დაპირებები“.

"მე მინდა ძლიერი, თავისუფალი ევროპა. ჩვენ გვინდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და მივიღოთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

Advertisement