Logo

მამუკა არეშიძე - მესმის ყველაფერი, რომ ვიღაცებს აშშ-ის და საქართველოს დაახლოება არ მოეწონებათ, მაგრამ გარემოებები აქეთკენ გვიბიძგებს

ინტერვიუ
373
Frontnews image description

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში მოსალოდნელი "გადატვირთვისა" და აპრილში დაგეგმილი ამერიკული დელეგაციის ვიზიტის ფონზე, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე Front News-თან ინტერვიუში  პრაგმატულ და მკაცრ გეოპოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ვაშინგტონისთვის თბილისთან ურთიერთობაში პრიორიტეტული არა იდეოლოგიური თუ შიდაპოლიტიკური საკითხები, არამედ კონკრეტული ლოგისტიკური და სტრატეგიული ამოცანებია, მათ შორის ირანთან დაპირისპირების კონტექსტი და „შუა დერეფნის“ ფუნქციონირება. ინტერვიუში ექსპერტი ასევე მიმოიხილავს რუსეთის ბუნდოვან პოლიტიკას რეგიონში, ევროპული ბიუროკრატიის კრიზისს და იმ „დიპლომატიურ ლავირებას“, რომელიც საქართველოს დღეს გადასარჩენად სჭირდება.

- ბატონო მამუკა, მმართველი გუნდი აპრილში აშშ-დან მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტს აანონსებს და საუბრობს ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებაზე. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ამ ეტაპზე სტრატეგიული პარტნიორობის სრული რეაბილიტაცია და რა იქნება ვაშინგტონის მთავარი პირობა ამისთვის?

- ახლა ის დრო დადგა, რომ ამერიკისთვის ის საკითხები და ფასეულობები, რომლებიც ევროპისთვის აქტუალურია, ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი. აშშ ახლა გეოპოლიტიკური ამოცანებით არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ბრიუსელი ბრალად დღევანდელ ხელისუფლებას უყენებს, ეს საკითხები ამერიკისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მათთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის საკუთარი ინტერესებისთვის და ამოცანებისთვის გამოყენება, მით უმეტეს ირანთან დაპირისპირების კონტექსტში. თუ ეს დაპირისპირება დაცხრება და რაღაც სადავო ხელშეკრულება დაიდება (რაც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია), ეს დაპირისპირება კიდევ სხვა სიბრტყეში გადავა.

აქ არის თემა, რომელიც დაკავშირებულია "შუა დერეფანთან“, სატრანზიტო კორიდორებთან და ა.შ., რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ, მე ვერ გეტყვით ზუსტად, რა ამოცანით ჩამოდიან, ფაქტია, რომ აქ საქართველოს ხელისუფლებასთან საქმეების გასარჩევად არავის სცხელა. ჩემთვის უცნობია, ზუსტად რა დელეგაცია ჩამოვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პრაქტიკული დელეგაცია, რომელიც კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად იქნება ჩამოსული. ეს არ იქნება დელეგაცია, რომელიც პოლიტიკური საკითხების გადაჭრას დაიწყებს. ეს იქნება პრაქტიკული საკითხები, როგორიცაა ლოგისტიკა, აეროპორტების გამოყენება, სატრანზიტო დერეფნების გამოყენების საკითხი. ასევე პორტების მშენებლობის საკითხი და ბევრი სხვა ასეთი საკითხის განხილვა მოხდება.

- ბატონო მამუკა, ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ: ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რუბიოს მოადგილის ვიზიტი, რომელიც ანაკლიის პროექტს და მისი მშენებლობის საკითხს ადგილზე გაეცნო. გაჩნდა ამის ირგვლივ კითხვები და მოსაზრება - ამერიკა ხომ არ იქნება ჩართული ანაკლიის პორტის მშენებლობაში? რა ინტერესი შესაძლოა, ამერიკამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოხატოს?

- ერთ-ერთი ინტერესი ეს არის ის, რომ ჰორმუზის სრუტის პრობლემების გამო, სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი სასუქის მიწოდება შეწყდა. იქიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში მიდიოდა ის კომპონენტები, რომლებიც სასუქის დასამზადებლად არის აუცილებელი. ამერიკელები ძალიან შეშფოთებულები რომ არიან შექმნილი ვითარებით, ამას მოწმობს ისიც, თუ რა სისწრაფით მოუხსნა ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ბელორუსულ კომპანიას, რომელიც სასუქს აწარმოებს, სანქციები.

მე ვიცი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს პორტებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის გვერდით მდებარე ქვეყნებს მიეწოდოს ეს კომპონენტები, რომლისგანაც შემდეგ მზადდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასუქი. თანაც ახლა ხვნა-თესვის პერიოდია და ეს ყველაფერი ძალიან სჭირდებათ. ყაზახეთსა და უზბეკეთში ეს კომპონენტები არის, რომლის გატანაც საქართველოს დახმარებით უნდათ. დანარჩენი არ ვიცი, ალბათ, გამოჩნდება და გავიგებთ.

- ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია აქტიურად გეგმავს ვიზიტებს ვაშინგტონში. რამდენად ახდენს გავლენას ეს "ორმხრივი დიპლომატია" ამერიკელი პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებებზე და ვისი არგუმენტებია დღეს უფრო დამარწმუნებელი თეთრი სახლისთვის?

- ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას დღეს სულ ფეხებზე ჰკიდია აქაური შიდა პოლიტიკა. ისევე, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკა. ამერიკელებს ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები აქვთ გადასაჭრელი. ირანთან დაპირისპირების კონტექსტში, დღეს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი ვერ გამოვლენ ამ კონფლიქტიდან ისე, თუ არ შეინარჩუნეს სახე და არ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას. ირანი ამის საშუალებას არ აძლევს. სად სცალია ახლა ამერიკას იმისთვის, რომ კავკასიის ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ერკვიოს?! ასე რომ, ეს არ არის მთავარი.

მეორე საკითხია, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი: ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა ფსიქოლოგიური კუთხით. ეს ვითარება კი ყველა მიმართულებაზე და დარგზე მოქმედებს, მათ შორის, რაც მთავარია ადამიანების ფსიქოლოგიაზე და ფსიქიკაზე. ასეთი განგაშის გრძნობა დღევანდელი ჩვენი ყოფის მთავარი თანამდევი ფაქტორი გახდა. ზიზღი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, არ ვიცი, ამით როგორ ცხოვრობენ უკვე.

- ბოლო დროს ირანის მხრიდან გააქტიურებული რიტორიკა და რეგიონში არსებული ტურბულენტობა დიდ გამოწვევებს უქმნის საქართველოს. როგორ უნდა მოახერხოს თბილისმა ისეთი ლავირება, რომ ერთი მხრივ შეინარჩუნოს მშვიდობა და მეორე მხრივ, არ გახდეს რომელიმე მსხვილი მოთამაშის აგრესიის ობიექტი?

- გამოთქმაა: „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“. სხვა გამოსავალი არა გვაქვს. საკუთარ ნაჭუჭში ვერ ჩავიკეტებით და ამის უფლებას არც არავინ მოგვცემს. ჯერ ერთი, სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. რეალობას შევხედოთ, რაც ხდება, ყველას უნდა ამ სივრცის, სამხრეთ კავკასიის სათავისოდ გამოყენება. ისე, რომ აბსოლუტურად ჩაკეტილ გარემოში ვიყოთ, არ გამოგვივა. ამიტომ მაღალი დონის დიპლომატია და ლავირება გვჭირდება, რომ ამ სიტუაციაში ბალანსი დავიცვათ.

გვინდა არ გვინდა, მაინც მოვლენების განვითარებას რაღაც ფორმით უნდა ავყვეთ. რაც შეეხება ირანს, თუ შეამჩნევდით, ეს სტატუსი ელჩმა მერე აიღო. როგორც ჩანს, მას აუხსნეს სიტუაცია, რაშიც იყო მდგომარეობა. მართალია წერილის ტონალობა ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ ირანი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩემთვის ეს იყო ისტერიკაში მყოფი სუბიექტის განცხადება, სხვა გამოსავალი რომ არა აქვს. მოკლედ, მე მესმის ყველაფერი, რომ ვიღაცებს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს დაახლოება არ მოეწონებათ, მაგრამ გარემოებები აქეთკენ გვიბიძგებს. სხვა გამოსავალი არა გვაქვს.

- თუმცა აქტიურობს რუსეთიც, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აპელირებს იმაზე, რომ დიალოგი და პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენა თბილისთან სურს და "ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა“. საქართველოდან კი არის გზავნილი, რომ სანამ ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით რჩება ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, თბილისი არ აპირებს დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას. თქვენი პოზიცია რუსეთის აქტიურობასთან დაკავშირებით როგორია?

- საქმე იმაშია, რომ მოსკოვი აქამდე საერთოდ არ იყო ჩამოყალიბებული, რა უნდოდა სამხრეთ კავკასიისგან. ერთი პირი არ ჰქონდათ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც. სხვადასხვა პოზიციები იყო, რამაც, გვახსოვს, ყარაბაღის მიტოვება გამოიწვია. სწორედ ამ შიდა ჯახის გამო სომხეთი მიტოვებული იქნა რუსეთის მხრიდან. რუსეთს ეს ამბავი აქამდე ვერ გადაუხარშია — ის, თუ რამხელა შეცდომა დაუშვა. ახლა ცდილობენ სიტუაცია შეცვალონ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს, რა გააკეთონ.

ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს შეუძლია ნაბიჯები რუსეთის მიმართ გადადგას; ამას აგრძნობინებდა კიდეც, რომ მათი მხრიდანაც საპასუხო ნაბიჯები წამოსულიყო. ეს საპასუხო ნაბიჯები იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის მოგვარება. ამის თაობაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. ამ მიმართულებას კირიენკო კურირებს, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგია. მას რუსეთში დაპირისპირება ამ თემაზე რიგ პოლიტიკოსებთან ჰქონდა.

ჯერჯერობით ეს საკითხი მაინც ჰაერშია გამოკიდებული. თუ 2024 წლის ზაფხულში პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ პროცესი დაწყებულიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, ახლა ეს სიტუაცია შეიცვალა და ისევ ძველ რელსებზე დაბრუნდნენ. მათ უნდათ, რომ რუსეთი რეგიონში დაბრუნდეს როგორც ჰეგემონი, მომგვარებელი, მაგრამ ამის რესურსი მოსკოვს არა აქვს. საქართველო უფრო სენსიტიურ მდგომარეობაშია ამ მხრივ - საქართველოს ტერიტორიებია რუსეთის მიერ ოკუპირებული. ფაქტია, ოფიციალურ თბილისთან არ გასდით ის პოლიტიკა, რასაც ახლა ატარებენ. საქართველო არ აქტიურობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ღიად, მაგრამ რუსეთს არ აძლევს საშუალებას, რომ ეს ამბავი დავიწყებული იქნეს.

- მინდა გკითხოთ ევროპის პოლიტიკაზე, როცა "ოცნების" მიმართ ბრიუსელიდან საკმაოდ სერიოზული წნეხი მოდის. ამის მიუხედავად, ხელისუფლება უძლებს ამ წნეხს. თუ ხელისუფლება შეძლებს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას, როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა ევროპის პოლიტიკაც საქართველოს მიმართ?

- არ ველი, რომ ევროპული პოლიტიკა შეიცვლება. ევროპის პოლიტიკა ჩვენს მიმართ კი არა, ამერიკის მიმართ არ იცვლება. ევროპას თავისი იდეოლოგიური ნარატივი აქვს, რომელზედაც უარის თქმა გამოიწვევს იმ პოლიტიკური ელიტების ჩამოსვლას, რომლებითაც ევროპას ღიად მართავენ. ამიტომ ბოლომდე უნდა იდგნენ თავის პოზიციაზე, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე - "მინდა, მაგრამ არ გამომდის“. მარტო საქართველოსთან დაკავშირებით არ ვამბობ, აქ საუბარია უკრაინასთან მიმართებაშიც და თავად შიდა პოლიტიკის კუთხითაც ასეთი სიტუაცია აქვთ. ბრიუსელში არის რაიონი, რომელშიც პოლიცია ვერ შედის და იქ სიტუაციას შარიათის პოლიცია აკონტროლებს. ახლა წარმოიდგინეთ, ასეთი ხალხი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და სხვა ჭკუას ასწავლის.

- ხშირად ისმის კითხვა, რამდენად ადეკვატურია ის დახმარება (სამხედრო თუ ეკონომიკური), რომელსაც საქართველო დასავლეთისგან იღებს არსებული გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით. თქვენი აზრით, ხომ არ დადგა დრო, საქართველომ უფრო მკაფიო და სპეციფიკური მოთხოვნები დააყენოს პარტნიორების წინაშე?

- ამაშია ზუსტად საქმე, რომ არ ვიცით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას რა დონის და ხარისხის ინტერესები აქვს კავკასიასთან დაკავშირებით. რა უნდა ჩვენი ქვეყნისგან? როდესაც განსაზღვრული იქნება ეს თხოვნები და შემოთავაზებები, საქართველოს ხელისუფლებას მერე შეუძლია ან ხარისხი გაზარდოს თავისი შეთავაზებებისა და მოთხოვნებისა, ან შეამციროს.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები