Logo

მამუკა ხაზარაძე – დღეს “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულებიდან გასვლით მათ არჩიეს რუსეთის გზა

პოლიტიკა
1288
Frontnews image description

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება “უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლით რუსეთის გზა აირჩია. 

 

ხაზარაძემ ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდა, საკითხთან დაკავშირებით სასწრაფოდ გამართონ კონსულტაციები. მან არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.

 

“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, იციან, რომ ისინი 43%-ს  ვერ დააგროვებდნენ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, პირველ რიგში, ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, ყველა ოპოზიციურ ძალას, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები. ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც დღეს “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება მიმართული იქით, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც.

 

მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება, ხელშეკრულებისა და სიტყვის უპატივცემულობა, ე.წ გადაგდებების სერია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ. ჩვენ შარლ მიშლის ხელშეკრულებით გვაქვს არჩევანი, ქვეყანა განვითარდება ევროპული ვექტორის მიმართულებით, დაიწყება ქვეყანაში სრული წინსვლა, რეფორმები და აღმავლობა. დღეს “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულებიდან გასვლით მათ არჩიეს რუსეთის გზა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Advertisement