Logo

მარი დევიძე – როდის შემდეგ ითვლება დანაშაულად, სტუმარს შევთავაზოთ გამართული და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისი?

საზოგადოება
818
Frontnews image description

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარი დევიძის განცხადებით, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია  განზრახ არასწორადაა ინტერპრეტირებული და  აცდენილია რეალურ ფაქტებსა და ადექვატურ შეფასებას.

 

“გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიამ ერთ-ერთი ააიპ-ისთვის შეიძინა 57 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი,  რომელიც ბატონი შუშანიას დასკვნის საფუძველზე იყო გაუმართავი და ყიდვის შემდეგ საჭიროებდა შეკეთებას. ერთ-ერთი ააიპ-ი ამ შემთხვევაში DMO იმერეთი გახლავთ. თუმცა, როგორ და რა კუთხითაც არ უნდა განიხილო ეს „დამნაშავის მხილების“ პათოსით სავსე განცხადება, მისი გამჟღერებლის მიერ მოყვანილი არცერთი ფაქტი არ და ვერ ადასტურებს კორუფციას. დიახ, DMO იმერეთმა შეიძინა ავტომობილი, ვინაიდან იგი ყველაზე დიდ საჭიროებას წარმოადგენდა სამსახურისთვის, რომელსაც თავისი ფუნქციისა და რეგიონული მასშტაბის მქონე დანიშნულებიდან გამომდინარე,  მუდმივად სჭირდება რეგიონებში გადაადგილება, ინფო და პრეს-ტურების გამო უცხოური დელეგაციების მიღება და მათი გადაყვანა სხვადასხვა ლოკაციებზე. სწორედ ამ მოცემულობიდან და ფუნქციური საჭიროებიდან გამომდინარე,  საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ავტომობილის მუდმივ დაქირავებაზე ბევრად უფრო მართებული და ეკონომიური იქნებოდა მისი შეძენა. 

 

ვფიქრობთ, რომ გიგა შუშანიას, როგორც საკრებულოს წევრს უნდა გახარებოდა, რომ თვითმმართველობის უწყებას ყავს სრულიად მისაღებ ფასში შეძენილი მანქანა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ხელს უწყობს ისეთი მრავალმხრივად დატვირთული ორგანიზაციის მუშაობას,  როგორიც DMO იმერეთია. რაც შეეხება ავტომანქანას, ის  შევიძინეთ გასული წლის ოქტომბერში ღია აუქციონით. მას ბუნებრივია, მომწოდებლის მიერ მოჰყვა ტექნიკური ინსპექტირებისა და პროფილაქტიკის დასკვნები,  რომელთა მიხედვით ავტომობილი იყო სრულიად გამართული. შესყიდვის შემდეგ, მანქანას პროფილაქტიკის მიზნით გამოეცვალა ჰაერისა და საწვავის ფილტრი და მაშუქები შპს „თეგეტა რითეილში“. ასევე, მოხდა სავალი სისტემის დათვალიერება მერსედესის ცენტრში – შპს „აკაში“, სადაც შეეცვალა სამუხრუჭე ზეთი და ღვედი. იქვე მივიღეთ რეკომენდაცია, მანქანა მოგვემზადებინა ზამთრის სეზონისათვის, შესაბამისად მისი მომზადება მოხდა შპს „მაქსში“. ბუნებრივია,  სამსახურს გააჩნია ყველა ამ პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

საინტერესოა, როდის შემდეგ ითვლება დანაშაულად ჩვენამდე მოსულ სტუმარს, ქართველი იქნება ის თუ უცხოელი, შევთავაზოთ გამართული და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისი? საინტერესოა ამ „აღმოჩენის“ გულანთებული ავტორი თავად როგორ მოიქცეოდა?”, – აცხადებს მარი დევიძე. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლი გიგა შუშანია ტურიზმის ცენტრისთვის 56 980 ლარიანი ავტომობილის შეძენის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები