მარნეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სასაზღვრო სექტორ "კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი, მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გატარდა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
მადლობას ვუხდით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო და საგარეო ვაჭრობის სამსახურის წარმომადგენლებს ოპერატიული თანამშრომლობისთვის. ქართულ მხარეს თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან კოორდინაციით, გახსნილია არაერთი, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაული", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





