Logo

მერცი - შობამდე ცეცხლის შეწყვეტა რუსეთზეა დამოკიდებული

უკრაინა
216
Frontnews image description

სამშვიდობო ინიციატივების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია მხოლოდ რუსეთის პოზიციაზე. ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ერთობლივად მოამზადეს რამდენიმე წინადადება, რომლებიც უკვე წარედგინა რუსულ მხარეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა", - აღნიშნა მერცმა უახლოეს მომავალში შეთანხმების მიღწევის პერსპექტივების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა შობამდე საომარი მოქმედებების თუნდაც დროებითი შეწყვეტის მიღწევა, თუ რუსეთი დროის მოგებას შეეცდება.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავაგრძელოთ რუსეთის მთავრობისადმი მოწოდება, რომ შობის პერიოდში მაინც შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები“, - აღნიშნა კანცლერმა.

მერცის თქმით, ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას დააზარალა. მისი თქმით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორია.

კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება, "მცირე ჰუმანურობას“ გამოიჩინოს და შობის პერიოდში, სულ მცირე, რამდენიმე დღით შეწყვიტოს დაბომბვა.

"შესაძლოა, ეს იყოს კონსტრუქციული და ფხიზელი მოლაპარაკებების დასაწყისი, რაც უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მერცმა.

Financial Times-მა ადრე, წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადეს, რომ ისინი აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივებზე პასუხს უახლოეს დღეებში ელოდნენ. გამოცემის წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შობამდე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები