მეუფე გრიგოლი - ხვალინდელი დღე არის ერთგვარად საბედისწერო, ანუ სამომავლო ცხოვრების განმსაზღვრელი

ავტორი
Front News საქართველო
ხვალინდელი დღე არის ერთგვარად საბედისწერო, ამ სიტყვის სრული შინაარსობრივი დატვირთვით, ანუ, სამომავლო ცხოვრების განმსაზღვრელი. ილია მეორეს თავისი ხელწერა ჰქონდა და მეორე ილია მეორე ვერ გვეყოლება, ამის მოლოდინი ვერ გვექნება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც არ უნდა იყოს პატრიარქი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - მას არ ექნება მოსვენება, მეტი ინიციატივები იქნება, მეტი შეწუხება, ვინც არ უნდა იყოს, ეს მისთვის იქნება გოლგოთა.
"ხვალ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები ტარდება, პირველი ეტაპია ამ არჩევნებისა. პატრიარქის არჩევა არის ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო პროცედურა და განსაკუთრებით პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, ჩვენ გვესმის, რომ ეს იყო პატრიარქის მთელი ეპოქა. უნდა განვიხილოთ, როდის იწყებს პატრიარქი თავის საპატრიარქო უმაღლეს მსახურებას და რა ხვდება მას. ილია მეორის ხელში ეკლესია განვითარდა, თავისი მასშტაბები გაზარდა და განსაკუთრებული როლი და ადგილი დაიკავა ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არის მთელი ეპოქა, ეს არის მონაკვეთი დიდი დროისა, რომლის განმავლობაშიც ადგილი აქვს დიდ ღვაწლს, აღმშენებლობას, განვითარებას. მისი მისია იყო, რომ ხალხი, რომელიც მოწყვეტილი იყო ეკლესიას, დაებრუნებინა ტაძარში. საკმაოდ დიდია პატრიარქის ღვაწლი, რომლის არადანახვა შეუძლებელია. ეს ეპოქა მივიდა თავის წერტილთან და ახლა ახალი ეპოქა იწყება. მისი მემკვიდრეობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ილია მეორეს თავისი ხელწერა ჰქონდა და მეორე ილია მეორე ვერ გვეყოლება და ამის მოლოდინი ვერ გვექნება.
მე ასე ვიტყოდი, ხვალინდელი დღე არის ერთგვარად საბედისწერო, ამ სიტყვის სრული შინაარსობრივი დატვირთვით, ანუ, სამომავლო ცხოვრების განმსაზღვრელი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის, რადგან თვით კონსტიტუციითაა დაკანონებული ეკლესიის როლი და ეს როლი გრძელდება. მნიშვნელოვანია, ჩვენ ავირჩიოთ ის, რაც ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს მნიშვნელოვნად წასწევს წინ და ახალ საფეხურზე აიყვანს. პატრიარქის მემკვიდრეობას სჭირდება განვითარება. სისტემა უნდა გაიმართოს ისე, რომ მაქსიმალურად გასცეს პასუხი გამოწვევებს.
ეკლესიის მისია იქნება ეკლესიის ინსტიტუციური ავტორიტეტის გაძლიერება და ამ მხრივ, სამუშაო საკმაოდ არის. ძალიან ბევრი ექნება სამუშაო ახლად არჩეულ პატრიარქს.
ვინც არ უნდა იყოს პატრიარქი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - მას არ ექნება მოსვენება, მეტი ინიციატივები იქნება, მეტი შეწუხება, ვინც არ უნდა იყოს, ეს მისთვის იქნება გოლგოთა. არც სხვა პატრიარქებისთვის ყოფილა ეს დასვენება და მხოლოდ პატივი, ეკლესიის ისტორია გვაჩვენებს, რომ პატრიარქობა არის ტვირთი და ეს არის გოლგოთა, ბუნებრივია, რომ ამ ტვირთში შეხიდება სჭირდება ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის, მისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ვითარების მართვა, თუ ირგვლივ ყველა მღვდელმთავარი არ ჩაერთო ეკლესიის ცხოვრებაში იმ საქმიანობაში, რაც ეკლესიას აქვს განსახორციელებელი, როგორც ეკლესიის შიგნით და საგარეო არენაზე, ცალკე სახელმწიფოსთან ურთიერთობაა, თუ რელიგიური ურთიერთობები", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა.
თაგები:
მეუფე გრიგოლი




