
ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდობაა სიცოცხლის ის მშვენიერი ხანა, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია ამაოების სულს, შეზღუდულ მიზანთა სისტემას და აქვს უნარი თავისუფალი, უანგარო კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი აზროვნებისა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშუალო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი გზავნილშია აღნიშნული.
"ძვირფასო ახალგაზრდებო! თქვენი ცხოვრების ულამაზესმა და უმნიშვნელოვანესმა წლებმა განვლო სკოლის წიაღში; აქედან დაიწყო თქვენი გზა ცოდნის საოცარ სამყაროში და მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი მოგილოცოთ 12-წლიანი სასწავლო პროცესის დასრულება. ამ მოვლენას ახლავს ერთგვარი სევდაც, რადგან ემშვიდობებით თქვენს ბავშვობას, ემშვიდობებით სკოლის მეგობრებს, ვისთან ერთადაც განვლეთ ბავშვობის წლები, ემშვიდობებით პედაგოგებს, რომლებიც მთელი გულით და სულით გულშემატკივრობდნენ თითოეულ თქვენს ნაბიჯს, თუმცა განვლო თორმეტმა წელმა და დღეს თქვენ უკვე ხელთ გაქვთ სკოლაში მიღებული ცოდნის დამადასტურებელი საბუთი, რაც იმის ნიშანია, რომ თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი.
ფასდაუდებელ სიკეთედ მიმაჩნია, რომ თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში, რაზეც ოცნებობდა თქვენი წინამორბედი არაერთი თაობა. ამისთვის ვმადლობ მაღალ ღმერთს, ვმადლობ დედაღვთისმშობელს და ვმადლობ ყველას, ვისაც კი თუნდაც მცირეოდენი წვლილი მიუძღვის ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობისა და კეთილდღეობისათვის ბრძოლაში.
ძვირფასო და საყვარელო შვილებო, გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობის ძირითად საძირკველს წარმოადგენს სულიერება და განათლება, რწმენა და ცოდნა, ეკლესია და აკადემია.
მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოებრიობა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური დამღებისგან დამოუკიდებლად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზროვნების სივრცე. ამ სივრცის საყრდენს კი წარმოადგენს განათლებისა და მეცნიერების განვითარება, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო ცხოვრების ერთ-ერთი არსებითი დასაყრდენია.
მამაშვილურად მოგმართავთ თხოვნით და გლოცავთ, რომ საკუთარი მომავალი დააფუძნოთ ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულზე!
იყავით თამამები ახალი იდეების ძიებაში და ამავდროულად მყარნი საკუთარ ფესვებში. გახსოვდეთ, რომ თქვენს სამშობლოს სჭირდება თქვენი ნიჭი, თქვენი ენერგია და თქვენი სუფთა გული.
• ისწრაფეთ განათლებისკენ, არასოდეს დაკარგოთ (ახლის) შემეცნების სურვილი, რადგან განათლებული თაობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია.
• ნუ შეგეშინდებათ დაბრკოლებების, იარეთ ყოველთვის წინ, იღვაწეთ თქვენი მომავლისთვის და გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი გამარჯვება მხოლოდ შრომით, ცოდნითა და სულიერი სიმტკიცით მიიღწევა.
ახალმა დროებამ სწორედაც რომ თქვენთვის შექმნა ახალი შესაძლებლობები და განვითარების ახალი პერსპექტივები, რაც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ახალ დასაწყისად იქცა.
ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ, ცხოვრების გზაზე მარად იღვაწოთ და იზრუნოთ იმისთვის, რომ მოიპოვოთ სულიერი თავისუფლება, რადგან სწორედ სულიერი თავისუფლება უნდა იქცეს თქვენი დროის, თქვენი სინამდვილის ძალად და ღონედ. ამიტომ, თქვენ უნდა განიმსჭვალოთ ისეთი გრძნობით, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა სამართლებრივი, მორალური და სულიერი (რელიგიური) ძალა. მხოლოდ ამგვარ ღრმა და ყოვლისმომცველ მოქმედებაში ამაღლდება გონება თავის ღირსებამდე; ასე მოისპობა და განიდევნება ცხოვრებიდან უხამსობა და ფუჭი ინტერესები; ასე გამჟღავნდება და მხილებული იქნება მთელი თავისი სიშიშვლით ადამიანთათვის დამახასიათებელი თვალსაწიერის სივიწროვე და სამყაროს გაგებისადმი ზერელე დამოკიდებულება, რაც ოდენ თვითცნობიერების ამაღლების კვალდაკვალ გაქრება; გახსოვდეთ: იქ, სადაც მედიდურობა ისადგურებს, გონებისთვის ადგილი აღარ რჩება!
თქვენი სახით, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, მე ვხედავ ახალი და ჯანსაღი გონის განთიადს. ახალგაზრდობაა სიცოცხლის ის მშვენიერი ხანა, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია ამაოების სულს, შეზღუდულ მიზანთა სისტემას და აქვს უნარი თავისუფალი, უანგარო კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი აზროვნებისა.
ცხოვრებაში, რაც კი რამ ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, თავისუფლების იდეისგანაა. ჭეშმარიტად მაღალი ცოდნის მიზანია, მისწვდეს ამ იდეასა და იდეალს მის ნამდვილ სახეში. თავისუფლება ჭეშმარიტებაში სულდგმულობს და სწორედ რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ჯანსაღ გულსა და გონს შესწევს სითამამე, უდიდესი შთაგონებით ეძიოს ჭეშმარიტება და ეზიაროს კიდეც მას!
ბევრ თქვენგანს განზრახული აქვს სწავლის გაგრძელება ჩვენი ქვეყნისა თუ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში და სურს დაეუფლოთ უმაღლეს ცოდნას არჩეული პროფესიების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში თქვენ გელით ახალი აღმოჩენები, ახალი სიმაღლეები, ოღონდ უნდა გახსოვდეთ: სწავლის პირველი და უმთავრესი პირობაა – ჭეშმარიტების ძიების გზაზე სითამამე; თუკი ეს გექნებათ, წინ ვერაფერი გადაგეღობებათ!
ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩემი მომართვა თქვენს მიმართ, მსურს დავასრულო მადლიერების სიტყვით თქვენი მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც არა მხოლოდ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ცოდნას გაზიარეს, არამედ იზრუნეს თქვენი მრავალმხრივი უნარების გამოვლენასა და განვითარებაზე.
ვმადლობ და ვლოცავ ყველას, ვინც სკოლაში ყოველდღიურად ქმნის იმგვარ გარემოს, სადაც ბავშვს მისვლა უხარია - ამ სიხარულის შედეგს ხომ თითოეული მშობელი საკუთარ შვილზე ხედავს. ღმერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ახალგაზრდებო! ღმერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო! ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი ძვირფასი სამშობლო - სრულიად საქართველო!" - აღნიშნულია მიტროპოლიტის გზავნილში.
თაგები:
მეუფე გრიგოლი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს