Logo

მეუფე გრიგოლი - მე გავაკეთებ არჩევანს პიროვნების ხედვების, მსოფლმხედველობისა და პირადი უნარების გათვალისწინებით, თუ რა შეუძლია შესძინოს ეკლესიას

Frontnews image description

სახელმწიფო არაერთი მოხელისთვის მითქვამს, რომ მოუფრთხილდით ეკლესიას, ნუ ეცდებით, რომ ეკლესიაში თქვენი მომხრე გამოყოთ და დაინახოთ, ეკლესიაში ეძებეთ მაკურთხეველი, რომელიც გლოცავთ, -  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა განაცხადა.

მეუფე გრიგოლის თქმით, სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, საკონსტიტუციო შეთანხმებაა და მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თანამშრომლობა იქნება, გაგრძელდება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. 

"მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე სახით ვინმეს პირდაპირი ჩარევა მოხდება, ამ საქმეში ჩარევა მოხდება მღვდელმთავრებისგან, ვინც უშუალოდ უნდა გადაწყვიტონ, ვინც უნდა დარჩეს თავის თავთან, როცა შევა კაბინაში, თუ ვინ ჩაწეროს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს თითოეულ მღვდელმთავარს, თითოეულ ადამიანს, როგორ ხედავს ეკლესიის და ამ ქვეყნის მომავალს. 

მე უშუალოდ პატრიარქთან საუბრისასაც მითქვამს წლების წინ, რომ როცა დადგება დრო და არჩევანი იქნება გასაკეთებელი, მე არ ავირჩევ პირადი სიმპათია/ანტიპათიებით, მე გავაკეთებ არჩევანს პიროვნების მიმართ მისი ხედვების, მსოფლმხედველობისა და პირადი უნარების გათვალისწინებით, თუ რა შეუძლია შესძინოს ეკლესიას.

ხვალინდელი დღე არ უნდა დავაზიანოთ. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ხვალინდელი დღე და მომავალი არჩევნები, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაგალითი ამ შედეგების მიღებისა და იმ ცივილიზებული კულტურული მოქცევისა, რომელიც ამ ურთულეს პროცესში აუცილებელია, გამოვიჩინოთ.

რაც შეეხება გავლენებს, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი გავლენა, შეიძლება მოახდინო ადამიანის ფსიქიკაზე, ვინც არჩევანს აკეთებს, სხვანაირ მანიპულაციებს, მე პირადად, გამოვრიცხავ.

არა მარტო ეკლესიის, მთლიანად საქართველოს მიმართ არასდროს იყვნენ გულგრილები (რუსეთიდან) და მათი სიყვარული გვახრჩობდა, ხომ ხედავთ, როგორ რბილად ვამბობ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით ჩვენ გასაკეთებელი პოლიტიკურადაც და სულიერადაც, რომ ეს ქვეყანა, ეს ხალხი მიეჩვიოს მეზობელ სახელმწიფოსთან ცივილურ ურთიერთობას და შინაგანადაც აღიაროს მისი სუვერენიტეტი. ჩვენ ვხედავთ, რომ უჭირთ ეს, მაგრამ ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი.

რაც შეეხება სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობას, ეს ჩარჩო ხელშეკრულებით არის განსაზღვრული საკონსტიტუციო შეთანხმებაა და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თანამშრომლობა იქნება, გაგრძელდება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.  სახელმწიფო არაერთი მოხელისთვის მითქვამს, რომ მოუფრთხილდით ეკლესიას, ნუ ეცდებით, რომ ეკლესიაში თქვენი მომხრე გამოყოთ და დაინახოთ, ეკლესიაში ეძებეთ მაკურთხეველი, რომელიც გლოცავთ.

ახალი მწყემსმთავარი, ვინც არ უნდა იყოს არჩეული, ვერ იქნება პიროვნება, რომელსაც ყველა ის თვისება ექნება, რაც სჭირდება ამ დიდი მისიის განხორციელებას, მაგრამ მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს მას, არის ის, რომ ის უნარები გამოიყენოს სინოდის თითოეული წევრისა და თავის თავში გააერთიანოს და გადაწყვეტილებებში აისახოს, იმ ნაბიჯებში აისახოს ეს, რასაც ეკლესია გადადგამს ქვეყნის, ეკლესიის შიგნით თუ საგარეო არენაზე", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები