მეუფე შიო - დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო


ავტორი
Front News საქართველო
თუ გვინდა, ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი - დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ განაცხადა.
მისი თქმით, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოიყვანა ჩვენი ერი.
"მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა როცა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, მაგრამ ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად. და აი, ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნებოდა ქართველთა მცველი უკუნისამდე, ხოლო თვითონ - მათი ცხოვრების შემწე და გამგე და ვერავინ მტერთაგან ვერ სძლევს მათ.
მაცხოვარი როცა გამოეცხადა ღვთისმშობელს, ამ დროს ასევე უთხრა ეს დიდებული სიტყვები - "არა უგულებელსვყოფ შენი მეოხებით ერსა მას საზეპუროსა, უფროის ყოველთა ნათესავთასა შენდამი წილხვდომილს". აი, ასეთ საოცარ მოვლენას ვიხსენებთ, ძვირფასო ძმებო და დებო.
სწორედ ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა ჩვენში ქრისტეს რწმენა.
ჩვენ ვფიქრობთ, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ. აი, სწორედ ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი განვითარების მთავარი მიმართულება ამაში მდგომარეობს. პავლე მოციქული წერს ასეთ სიტყვებს - "ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა იცხოვრონ ამიერიდან არა თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა და აღდგა მათთვის“. ჩვენი, როგორც ერის და არამარტო, როგორც ცალკეული პიროვნების, მოწოდება არის ის, რომ ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს და ვიცხოვროთ არა ჩვენი ამქვეყნიური, მიწიური ინტერესებისთვის, არამედ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა, ვინც დაგვიდგინა თავისი ყოვლადწმინდა დედა მცველად და მფარველად, ვინც მოგვივლინა თავისი უახლოესი მოწაფე ჩვენს მოსაქცევად - ანდრია პირველწოდებული სვიმონ კანანელთან და სხვა მოციქულებთან ერთად.
ჩვენი წინაპრები, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ ამ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ, ამიტომაც უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც, მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი და მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ, ამ გზით ვიაროთ, დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო", - განაცხადა მეუფე შიომ.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა.
თაგები:
მეუფე შიო