Logo

მეუფე შიო - გამოსავალი და ხსნა მშვიდობიან შერიგებაშია, მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო როგორც ქართველების, ასევე აფხაზების ცოდვების შედეგი

საზოგადოება
6 საათის წინ / 17:07
201
Frontnews image description

რაშია გამოსავალი და ხსნა? უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიან შერიგებაში, მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი - როგორც ქართველების, ასევე აფხაზების ცოდვების შედეგი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ განაცხადა. 

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს, რომელიც გამოვიარეთ. დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლისს აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე, პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა, ათასობით ადამიანი დაიღუპა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრიდან. 300 000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.

შედეგად, ეს უმშვენიერესი მხარე დღეს ოკუპირებული და ჩამოშორებულია საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით! ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება.

რაშია გამოსავალი და ხსნა? - უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიან შერიგებაში! მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი - როგორც ქართველების, ასევე აფხაზების ცოდვების შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომსა და ტრაგედიაზე.

გამოსავალია, რომ ჩვენ, ყველა მხარემ, გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები; გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს. 
 
ბოლოს, მინდა, გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ - ქართველებმა და აფხაზებმა - ერთად, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი, მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - განაცხადა მეუფე შიომ.

აფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა.

თაგები:

მეუფე შიო
Advertisement