მეუფე შიო - ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით. არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმიდისა და სული ღვთისა სუფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობასთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ საზოგადოებას სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს, დღეს არის სულიწმიდის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
ეკლესიის ერთ-ერთ საკვირაო საგალობელში არის ასეთი სიტყვები: „სულითა წმიდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების“. ე. ი. სულიწმიდით ყოველი სული ცოცხლობს და სიწმინდით მაღლდება. როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მას შემდეგ მისი მოციქულები შეშინებული იყვნენ, ისინი თითქოს დაობლდნენ, წავიდა მათგან მაცხოვარი, მაგრამ ახსოვდათ მისი დანაპირები, რომ არ დატოვებდა ობლად და მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს, რომელიც წარუძღვება მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ, ნუგეშინისმცემელ სულს მოუვლენდა. და აი, ერთხელ, როდესაც ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილი ლოცვისთვის, უეცრად ზეციდან მოისმა ქარიშხლის მსგავსი ხმა და მათზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა.
მას შემდეგ სულიწმინდა უფალი იმყოფება სამყაროში, არის ჩვენ შორის, ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ის მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში, მაგრამ როგორც უფალ იესო ქრისტეს მიწიერი სიცოცხლის დროს, მას ვერ ცნობდნენ და გმობდნენ, ასევე დღესაც ვერ ცნობენ და გმობენ სულიწმიდას. ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი; გვავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი? რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების მთავარი აზრი, რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმიდის მოხვეჭაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაში.
დიდია და ტკბილი სულიწმინდის ნაყოფები, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი სიტყვები, ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, სარწმუნოება, მყუდროება. სულიწმინდასთან ერთად ადვილი და სასიხარულოა ცხოვრება, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, მთელი ცხოვრება უნდა მივუძღვნათ სულიწმინდის მოხვეჭას.
დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს სიტყვები სწორედ ამაზე: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). შემდეგ დასძენს სახარება, რომ უფალმა ეს თქვა იმ სულზე, რომელიც უნდა მიიღონ მისმა მორწმუნეებმა (ინ. 7, 39). ეს არის სწორედ სულიწმინდა, სულიწმინდის მადლი. მაშასადამე, ვინ იღებს ამ ცოცხალ წყალს? მხოლოდ ის, ვისაც ძლიერ სწყურია, ვისაც ყველაზე მეტად სურს ცხოვრებაში ამ მადლის მიღება და მოხვეჭა, მიისწრაფვის ამისკენ.
ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, რადგან სწორედ სიმდაბლითა და ლოცვით მოიპოვება ყველაზე უკეთ სულიწმინდის მადლი;
მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, უბრალო, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმიდისა და სული ღვთისა სუფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება.
დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ასევე დღესასწაული ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისა, რომელშიც ვიმყოფებით. ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის აშენება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით აღსრულებული მრავალი დიდი საქმე ჩვენს ეკლესიაში, არის ნათელი დასტური სულიწმიდის შემწეობის.
დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელი დიდებული დღესასწაული, მადლობა ვუთხრა თქვენთან ერთად მისი დიდი ღვაწლისთვის, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სულიწმინდის შეწევნა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ილოცება ნიკოლაძეების გვარი.
თაგები:
მეუფე შიო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა