მეუფე შიო - სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ ახალი მწყემსთავარი

ავტორი
Front News საქართველო
მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, – ამის შესახებ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც ილია მეორეს არ უზრუნია და მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა, ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.
„1 700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიის და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგულნი მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირების ღვაწლი, რომელთა მსახურებაც ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეს და შენარჩუნებას ემსახურებოდა.
დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს. მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს, მე-20 საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს-პატრიარქებს – ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას, სულიერ მამას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
40 დღეზე მეტმა განვლო ილია მეორის გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსმთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულით და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა. საეკლესიო და სამონაზნო ცხოვრების ღვთისმსახურების და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობის და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა.
სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ.
"ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსთავარი.
თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების და ღვთივ გამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე.
ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ“, – განაცხადა მეუფე შიომ.
თაგები:
მეუფე შიო




