Logo

მიხეილ ყაველაშვილი - როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!

პოლიტიკა
74
Frontnews image description

"როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, რომ ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!“,-  ასე უპასუხა  პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გამჭვირვალობისა და ფარას კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

მისი განცხადებით, მიღებული კანონის მიზანი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო. მისივე განცხადებით, კეთილსინდისიერად მომუშავე ორგანიზაციას დასამალი არაფერი აქვს.

"ჩვენ  ვიცოდით ამ კანონს რატომ ვიღებდით, ჩვენ გამჭვირვალობა გვინდოდა. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია სუბორდინაცია, არჩევნებით არჩეული ხელისუფლება უნდა იყოს ყველაზე ლეგიტიმური. რაღაც წარმონაქმნია  არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცდილობდა, რომ ყველაფერ  ამაზე მაღლა დამდგარიყო. თან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ჩვენი მოქალაქისგან. გარედან დაფინანსებული ორგანიზაცია ცდილობდა, რომ ხელისუფალს და პარლამენტს შორის მდგარიყო, მის გარეშე არც ერთი საკითხი, არც ერთი კანონი არ უნდა მიღებულიყო. დავინახეთ იმ არჩევნებზე მით უმეტეს, რომ სპეციალურად გაყალბებული ისფედის თემაც  არის ამ ყველაფერთან დაკავშირებული. ვერავინ ეხებოდა, არ შეიძლებოდა, რომ მათთვის კითხვა დაგესვა. თუ შენ კეთილსინდისიერად მართავ, მუშაობ, ორგანიზაცია ხარ, ფინანსდები მით უმეტეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, რა გაქვს დასამალი?!“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი განცხადებით, ქვეყანას გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობა სჭირდება.

"რა თქმა უნდა, კანონმა იმუშავა. ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს სჭირდება გამჭვირვალობა, მით უმეტეს გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების,  რას აკეთებენ და როგორ მოქმედებენ. ეს ძალიან მარტივი გასაგები უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის“, - განაცხადა ყაველაშვილმა. 

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, მაშინდელი სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებაც გაიხსენა.

„როგორ შეიძლება კითხვა არ დასვა ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მით უმეტეს როცა შენ გეხება, ეს ჩემთვის კარგი იქნება თუ ცუდი ?- კითხვაც არ დასვა, რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო, ცალ ფეხზე დადექი-ცალ ფეხზე დადგე. როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, რომ ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

 

Advertisement