მიხეილ ყაველაშვილი - თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია


ავტორი
Front News საქართველო
თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"გილოცავთ შორეულ ნაოსნობასა და ჩვენს გვერდით მყოფ მეზღვაურებს, ამ სფეროს ვეტერანებსა და მათი ტრადიციების გამგრძელებელ მომავალ თაობას! მომავალო მეზღვაურებო, გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობასა და მსოფლიო ნაოსნობაში ქვეყნის გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
"საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებაში საზღვაო სექტორის როლი განსაკუთრებულია. სახელმწიფო მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა არსებული პოტენციალის სრულად ათვისება განხორციელდეს. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ფონზე, საქართველომ მოახერხა უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ჩვენს ქვეყანას სანდო და საიმედო პარტნიორად აქცევს. ხელისუფლების ფრთხილი და გონივრული პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროპისა და აზიის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო დამაკავშირებელი გზის ნაწილი. დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული როლი, რომელიც თითოეული ქართველისთვის „აბრეშუმის გზის“ სახელით არის ცნობილი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული, საზღვაო-საგანმანათლებლო სისტემის მაღალი დონე, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადების შესაძლებლობას იძლევა. ამას კი ქვეყანაში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდაც მოწმობს - ამჟამად საქართველოში 19000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.
"მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც ნებისყოფას, დისციპლინას და სიმტკიცეს მოითხოვს. საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული ზღვაოსნების სამშობლო, რასაც ქართული ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია უდევს საფუძვლად", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მეზღვაურის პროფესია ბევრ გამოწვევასთან და რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო.
მიმართვის დასასრულს, მან ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიის ერთგულებისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს