Logo

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება უნდათ და ეს ასევე უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას

პოლიტიკა
139
Frontnews image description

ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით - აბა, დღეს ვის რა ვავნო?! - ჰოდა, ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ, რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, ციხეში დაბრუნება მოსკოვთან იყო შეთანხმებული.

"ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით - აბა, დღეს ვის რა ვავნო?! - ჰოდა, ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ, რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა "ვივამედის" იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ სიცოცხლისთვის.

ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე, არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას. რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება უნდათ და მეორე - ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების, საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ანადგურებენ საქართველოს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს, ღამით გადაიყვანეს.

Advertisement