Logo

მიხეილ სააკაშვილი – ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე

პოლიტიკა
659
Frontnews image description

ჩვენ მივიღებთ ან თავისუფლებასა და სამართლიანობას, ან მისსავე აშენებულ ციხეში გარდაცვლილ მესამე პრეზიდენტს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

 

მან  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გაასაჯაროა, რომელშიც ის აცხადებს, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების შემთხვევაში კი, მედპერსონალს უკრძალავს სამედიცინო ჩარევას. 

 

“მე მინდა საქართველოს მოქალაქებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩემს ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა. მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ მას არავითარ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე. თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც. ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემი უგონოდ ყოფნის შემთხვევაში რაიმე ტიპის  სამედიცინო ჩარევაზე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც ციხიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

 

გვარამიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის სანახავად შესვლას ვეღარ შეძლებენ პარლამენტის დეპუტატები. 

 

“ესეც თქვენი ევროკავშირის დროშის აღმმართველი კუჭავა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, – განაცხადა გვარამიამ.

Advertisement