მიხეილ სააკაშვილი - პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე, ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
თავდაპირველად პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კითხვების დასმით მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა საკითხების სიმწვავემ დაპირისპირება გამოიწვია.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქმე თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის "შეთითხნილია".
"დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია. ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია. ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?! პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?
პუტინთან იყავი თუ არა რუსეთში შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს "ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება. ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ზურაბ ნოღაიდელი საპასუხოდ აცხადებს, რომ იმყოფებოდა რუსეთში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.
დაპირისპირების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ჩვენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მისცა.





