Logo

მიხეილ სააკაშვილი - სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველა ჩვენგანის საპატიო ვალია

პოლიტიკა
57
Frontnews image description

ზვიადი ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს და სიკვდილის პირას მიმიყვანეს და ახლაც არაადამიანურ ტყვეობაში ვყავარ, მიუხედავად ამისა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველა ჩვენგანის საპატიო ვალია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აზრს ვერანაირი განსაცდელი ვერ შეუცვლის.

"1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო ლიტვის შემდეგ მეორე საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. მე მაშინ კიევში ვსწავლობდი და ქართული სათვისტომოს (რომლის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი) სახელით მივედი მთავარ ფოსტაში და ზვიადის სახელზე დეპეშა გავგზავნე მილოცვით და მადლიერებით.

მაშინვე ნათელი იყო, იმ მგლის ხროვის პირობებში, რომელიც მას გარს ერტყა, სახელმწიფოს მართვაში სრულიად გამოუცდელ ზვიადს, რომელსაც მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, რომ ძალიან დიდი სიძნელეები ექნებოდა, ეს ეჭვს არ იწვევდა.

თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, იქ სადაც მე წლების შემდეგ, როცა ქართული ფრონდა შედარებით შესუსტებული იყო და დასავლეთი მხარს მიჭირდა, ასე გამიჭირდა, ზვიადს საერთოდ შანსი არ ჰქონდა.

ისე, რა ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ - ზვიადმა მერსედესები იყიდა და სახლში ლომები და ვეფხვები ჰყავდაო, ხაზინა გაიტანაო, მიშამ ძუძუები მოაჭამა და ცოლმა საშვილოსნოები ამოაჭრაო, 19 მილიარდი აქვსო და რა თქმა უნდა, ორივეზე ამბობდნენ "გიჟიაო". ორივეს მოსაკლავად დაგვდევდნენ იმპერია და მისი ადგილობრივი საცეცები.

ზვიადი და მე, ორივე დავბრუნდით სამშობლოში სამეგრელოს გავლით, სადაც ორივეს მხარს გვიჭერდნენ. ზვიადი ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს და სიკვდილის პირას მიმიყვანეს და ახლაც არაადამიანურ ტყვეობაში ვყავარ, მიუხედავად ამისა, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ღირს, არამედ ყველა ჩვენგანის საპატიო ვალია და ამ აზრს ვერანაირი განსაცდელი ვერ შემიცვლის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები