მიხეილ სარჯველაძე - ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ

ავტორი
Front News საქართველო
"არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი. კარგად უნდა გვესმოდეს - დიუშენის ხუთივე მედიკამენტთან მიმართებით საჭიროა დეტალურად მსჯელობა: აქ აუცილებელია უსაფრთხოების დაზღვევა. მნიშვნელოვანია - კომერციული დაინტერესებისთვის კი არ დაიხარჯოს ფული, არამედ აუცილებელია გვესმოდეს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება, რეალურად, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი. აქ უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: სიცოცხლის გახანგრძლივება, ეტლში ჩაჯდომის გადავადება, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტების დამახინჯება პოლიტიკური ქულების დასაწერად მიუღებელია.
"ვერც კი დავუშვებ, რომ დღეს შეიძლება ვინმეს არ ჰქონდეს სოლიდარობა დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების მიმართ. ამორალურია, როდესაც ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.
ბრიტანეთი დაადგა იმ გზას, რომ წარიმართოს განხილვები „ჯივინოსტატის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ასე ვთქვათ, დაიძრა პირველი ეტაპი. ამ გადაწყვეტილებას რა დათქმებიც მოჰყვება, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას? ხომ სათქმელია, რომ ეს მედიკამენტი არ ესადაგება ყველა პაციენტს; რომ მედიკამენტს აქვს როგორც ასაკობრივი შეზღუდვა, ისე - ძალიან მნიშვნელოვან გვერდით ეფექტებზე გავლენის პოტენციალი - ბენეფიციარს, წინასწარი შემოწმებით, კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არ ექნება, პრეპარატი მასზე ვერ გავრცელდება. ეს ხომ ვინმემ უნდა თქვას და არ დაანთოს ყალბი გამარჯვების ყიჟინა?!
ამ დრომდე ბრიტანეთის მაგალითი რომ მომყავდა - არგუმენტად არ იღებდნენ და როგორც კი მან დაფინანსების განხილვა დაიწყო, ახლა რაღას იტყვიო, მეკითხებიან. თქმა, შეჯიბრი და სპორტული აზარტი კი არ მალაპარაკებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არის - ცოტა ხნის წინ ვესაუბრე დანიელ და შვედ მეცნიერებს. ამ ხუთი მედიკამენტიდან არცერთი მიღებული არ აქვს, მაგალითად, შვედეთს. რატომ? იმიტომ, რომ ამას სჭირდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევა - რა სარგებელს მოიტანს ესა თუ ის პრეპარატი. რატომ არის იცით ეს მნიშვნელოვანი? იქნებ „ვამოროლონის“ ან „ჯივინოსტატის“ დანერგვა საჭიროებს სხვა ტიპის სამსახურს, რომელიც გამართულად იფუნქციონირებს და ყველაფერი ერთობლივად თუ არ გააკეთე, უბრალოდ, უსარგებლო იქნება.
მედიცინა არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს თავისუფლება აქვთ - პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ ისეთ საკითხებზე, როგორიც ადამიანის გაჭირვებაა. არ შეიძლება მედიცინის სფეროში ასეთი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, განსაკუთრებულად ღირებული და სენსიტიურია ფასი სიმართლისა“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




