მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება ფულის შოვნა იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში პაციენტის ინტერესის საპირწონედ

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის სექტორში დაშვებულ შეცდომებს შორის ერთ-ერთი პრივატიზაციის გაუაზრებელი ტემპია, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაიწყო. შედეგად, დღეს, სახელმწიფო და ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდი წილით არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ პროცესებმა კომერციული ინტერესი დომინანტად აქცია პაციენტისა და ჯანდაცვის სფეროს საჯარო ინტერესებთან შედარებით.
"სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ამის შესაძლებლობა არცერთ შემთხვევაში არ გააჩინოს. თუ ფასი არადამაკმაყოფილებელი გახდა, კლინიკა თავს უფლებას აძლევს - პაციენტს მომსახურებაზე უარი უთხრას. ე.ი. პაციენტი უფრო მნიშვნელოვანია თუ მოგება? მოგება აუცილებელი არის, მაგრამ - არამთავარი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის სექტორის პრივატიზაციის მიმართულებით დასავლეთის გამოცდილებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპაში სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში, როგორც წესი, 50%-ზე ნაკლები არ არის.
"უბრალოდ, ვერსად შეხვდებით ასეთ ფაქტს. მაშინ, როდესაც წლების წინ დაწყებული პრივატიზაციის პროცესი წინა ხელისუფლების დროს გაგრძელდა და სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში დაიყვანეს 14-15%-ზე.
დღეს ჩვენ ორიენტირებული ვართ - მაქსიმალურად ევროპული სტანდარტების ქვეყნად ჩამოყალიბდეს საქართველო. ამაზეა ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელებაც. ევროპა ლოზუნგი კი არა, რეალურად ნაკეთები საქმეებია. იმიტომ კი არ არის იქ სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში 50%, რომ მას დომინანტობა და აქედან შემოსავლის მიღება სურს, უბრალოდ, ჯანდაცვა სპეციფიკური სივრცეა, სავსე - მორალური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არც შეიძლება თავსებადი იყოს კომერციულ ინტერესებთან. ამიტომ, როცა ბრუტალურად, ბლანკეტურად, ყველაფერი პირდაპირ გადაეცათ კერძო კლინიკებს, რომ მათ შორის, ეკეთებინათ ისეთი რამ, რაც სულაც არ იყო კომერციულად საინტერესო, შეიქმნა უზარმაზარი პრობლემები ჯანდაცვის სტრუქტურების გასამართად. შვედეთში, შესაძლოა, საერთოდ, 80%-ს სცდებოდეს სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში. რატომ?! - რიტორიკული კითხვაა და პასუხი ყველასთვის ნათელია.
არ შეიძლება კერძო სექტორისთვის იყოს ყველაფერი, არ შეიძლება ფულის შოვნა იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში პაციენტის ინტერესის საპირწონედ - სრულიად საპირისპირო უნდა იყოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, დავიცვათ პაციენტის ინტერესი და სხვათა შორის, ეს კონსტიტუციაშიც ასეა ჩაწერილი. ამისთვის, რაღაც მომენტში, სიმკაცრეც იქნება აუცილებელი და თუკი მკაცრად ვაკონტროლებ პროცესს - დაცულია თუ არა პაციენტის უფლება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეიძლება ეს ჩაითვალოს სახელმწიფოს მხრიდან ანტიევროპულ გადაწყვეტილებად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




