მიხეილ სარჯველაძე ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად, ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს დირკ რამაეკერსს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოცდილება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იშვიათი დაავადებების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საკითხი დამატებით პროფესიულ განხილვასა და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე გამართა შეხვედრა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრ იოლანტა სობიერანსკა-გრენდასთან. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჯანდაცვის განვითარებასა და ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის მნიშვნელობას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ: ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




