Logo

მიხეილ სარჯველაძე - გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით

პოლიტიკა
93
Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის  მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია რეალური სურათის დანახვა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მუშაობის გაგრძელება.

"რეალურად გამოსავალზე როდესაც ვსაუბრობთ ამ დაავადების, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით სწორად გაკეთდეს შეფასებები, შევქმნათ სწორი მოლოდინები და არაფრის დიდებით არ არის გამართლებული, პირიქით ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სამუშაო პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს მშობლების, პაციენტებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა კონკრეტული, ლოკალური, თუნდაც პრობლემების გადაჭრა მოხდეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება ინტერესით ელოდება საერთაშორისო პრაქტიკას და იმას, თუ როდის დაიწყებენ ევროპული ქვეყნები მათ შესყიდვას.

"რაც შეეხება მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ინტერესით, მოლოდინით, იმედით და კეთილგანწყობით ველოდებით, როდის გაეცემა ყველა კითხვას მედიკამენტებთან დაკავშირებით პასუხი, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას. ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, ძალიან სერიოზულად უნდა გაზომოს ყველა სიტყვა, რომელსაც იძახიან თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს სრული პასუხია დანარჩენი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაჭრის გზებს ეძებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინფორმაციის მიღება და მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკაზე მსჯელობა სამინისტროში დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს ბუნებრივი პროცესია. მან ასევე ისაუბრა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე მიღებულ ინფორმაციაზე.

"ამასწინათ გახლდით შვეიცარიაში მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც მქონდა შესაძლებლობა არაერთ სახელმწიფოსთან ძალიან მაღალ დონეზე გაგვემართა შეხვედრები, სადაც პრაქტიკულად ზუსტად იგივე საკითხების თაობაზე მსჯელობენ, იქაც ევროპულ სახელმწიფოებში და იქაც, ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე არ იღებენ გადაწყვეტილებებს“, - განმარტა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გარკვეულ პრეპარატებთან დაკავშირებით სიახლეები მალე იქნება.

„თუმცა დიდი იმედი მაქვს ზოგიერთ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებაში შესაძლებლობა გვექნება საკმაოდ მალე იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები