მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია, რომ სისტემა მუდმივად ფუნქციონირებდეს, ბაზა ცოცხალი ორგანიზმივითაა და საჭიროებს მუდმივ რეაგირებას

ავტორი
Front News საქართველო
"რიტორიკულად დავსვამდი კითხვას - სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზის გადამოწმების დაწყება სწორი გადაწყვეტილებაა თუ არასწორი? ამ შემთხვევაში პასუხი ძალიან მარტივია და საზოგადოება თავად შეაფასებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზა უნდა იყოს სამართლიანი და ზუსტად ასახავდეს რეალურ მდგომარეობას.
მან ხაზი გაუსვა, რომ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მთავარი მიზანი მოსახლეობის გაძლიერებაა.
"სახელმწიფო მუშაობს არა მხოლოდ შემწეობის გაცემისა და დასაქმების მიმართულებით, არამედ ოჯახების გაძლიერებაზე. მთავარი ინდიკატორია ის, რომ სიღარიბის მაჩვენებელი კლებადია, ხოლო უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველთა გაძლიერება და ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რაც სიღარიბის დაძლევას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმებას სისტემური ხასიათი ექნება.
„მნიშვნელოვანია, რომ სისტემა მუდმივად ფუნქციონირებდეს. ბაზა ცოცხალი ორგანიზმივითაა და საჭიროებს მუდმივ რეაგირებას - მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შეფასებას. ეს პროცესი უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდება, შესაძლოა, დაახლოებით ნახევარწლიანი პერიოდი იგულისხმებოდეს. ამ დროის განმავლობაში დაგროვდება მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებიც არსებით სურათს შექმნის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




