მიხეილ სარჯველაძე - საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია

ავტორი
Front News საქართველო
"საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან. მე კარგად მესმის მათი ემოციები, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები შემგუებელი იმ პოლიტიკოსების ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები არიან და პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს აკეთებენ. ისინი ან განზრახ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, ან, უბრალოდ, დილეტანტობასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არაეთიკური და ამორალურია, როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა მედიკამენტები, არასწორი შთაბეჭდილებები იქმნება.
"ეს არის ძალიან მძიმე რამ, რის უფლებასაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს თავს ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ უნდა მიიღებოდეს მედიკამენტებზე გადაწყვეტილებები და მაინც უშვებს ასეთ რამეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მედიკამენტების შესაფასებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად, დღის წესრიგში არსებულ ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილებები მხოლოდ რაციონალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იქნეს მიღებული.
"ყველა იმ სახელმწიფოს მსგავსად, სადაც ჯერ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ამ მედიკამენტებიდან რომელი გამოიყენონ, საქართველოსაც უწევს დაელოდოს, ვიდრე ყველა კითხვის ნიშანი არ იქნება განეიტრალებული და ყველა პასუხი არ იქნება ნაპოვნი, რომელიც, რეალურად, მოგვცემს შესაძლებლობას და შექმნის საფუძველს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
ზუსტად ამას ისახავდა მიზნად ჩემი ბრიფინგიც, როდესაც მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ყველა მედიკამენტის შესახებ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ ეს მედიკამენტები არის პანაცეა და გააჩნია განკურნების პოტენციალი, ბრიფინგის შემდეგ, დისკუსიას ეს საკითხი ჩამოსცილდა. შედეგად, კონცენტრირებულები გავხდით უფრო მეტად მედიკამენტებზე, მათ შეფასებებზე“, - განაცხადა სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




