მიხეილ სარჯველაძე - საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს, რომ თითოეული მოქალაქისთვის ქვეყნის სუვერენიტეტი განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს

ავტორი
Front News საქართველო
26 მაისი განსაკუთრებულად ღირებული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს აღდგა მრავალი თაობის ნანატრი თავისუფლება. დღეს საქართველო შეუქცევადად განაგრძობს განვითარებას და იმ ადამიანების ოცნებების ასრულებას, ვინც 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სუვერენიტეტის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
"ძალიან დიდია მნიშვნელობა იმისა, რაც თქვა მერაბ კოსტავამ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წუთითაც არ უნდა შეწყდეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ყოველთვის იქნება საშიშროება, დაკავშირებული სუვერენიტეტის მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიან ან ვიწრომასშტაბიან შეზღუდვასთან. არცერთი ფორმით, არცერთი საშუალებითა და მიზნით არ უნდა იქნეს შეწყნარებული საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაუფრთხილებლობა.
უპირველესად უნდა გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც ქვეყნის იდენტობის მთავარ ფაქტორად დაასახელა რწმენა და ენა. ყველა ქართველი აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიისა და ჩვენი რწმენის ისტორიული მნიშვნელობა. ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რამაც შეგვინარჩუნა უზარმაზარი ძნელბედობების პერიოდში ის, რასაც ქართველობა ჰქვია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე განცხადებით, საზოგადოება უნდა ემადლიერებოდეს ისტორიას, კარგად ესმოდეს აწმყო და მომავალს იმედით უყურებდეს.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




