Logo

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებას დასავლეთთან საგარეო კურსის კორექტირება მაინც მოუწევს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით

ინტერვიუ
360
Frontnews image description

ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი Front News-თან ინტერვიუში 4 ოქტომბრის შემდგომ ქვეყანაში მოსალოდნელ მოვლენებზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის გეგმებზე, დასავლეთის როლსა და გავლენიან მოთამაშეებთან ურთიერთობებზე საუბრობს. მირიანაშვილი აცხადებს, რომ არ სჯერა ოპოზიციის გეგმების თანმიმდევრულობის, რადგან ხელისუფლების ცვლილება საქართველოში მხოლოდ საზოგადოების განწყობებზე დაყრდნობით ვერ მოხდება და ის გარე კონტურის გავლენიან მოთამაშეებთან უნდა იყოს შეთანხმებული. ანალიტიკოსი ასევე ვრცლად განმარტავს, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ამერიკის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან ეფექტური ურთიერთობების დალაგებას და რას ელის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან რუსეთის შესუსტების ფონზე.

- როგორ ელით 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში მოვლენების განვითარებას? ორივე მხარე ერთმანეთს სიურპრიზებს ჰპირდება. ხელისუფლება კი აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს მოუწოდებს, რომ კანონის ფარგლებში დარჩნენ, თორემ პასუხი მკაცრი იქნება. რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება ქვეყანაში სიტუაცია ამ დღეების განმავლობაში?

- მე ამ კითხვაზე პასუხი არაერთხელ გამიცია. ამიტომ არსებულმა მოცემულობამ და იმ სიტუაციამ, რომელიც ოპოზიციის ფლანგზეა, არ მომცა საშუალება, ჩემი დამოკიდებულება შემეცვალა. მართალია, მჯერა ჩვენი საზოგადოების განწყობის, მაგრამ არ მჯერა ჩვენი ოპოზიციის – ამ პოლიტიკური პარტიების და მათი გეგმების. გეგმა, რომელიც მათ აქვთ ამ ხელისუფლების სახლში გაშვების, ჩემთვის გაუგებარი და არათანმიმდევრულია. ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებას არ დატოვებს მარტო იმიტომ, რომ ოპოზიცია ამის დეკლარირებით არის დაკავებული. ამ ხნის მანძილზე არ შექმნილა არავითარი მექანიზმი, რომლითაც ასეთი ტიპის შედეგი შეიძლება დამდგარიყო. უფრო მეტიც, მე არაერთხელ ვუსვამდი იმ გარემოებას ხაზს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა განვიხილავდეთ ემოციურ და საზოგადოების განწყობების ჭრილში. ასეთი ტიპის ცვლილებები ყოველთვის შეთანხმებულია ძალიან გავლენიან მოთამაშეებთან. გარე კონტური, მაღალი რანგის მოთამაშეების ჩართულობით და მთელი რიგი მოთამაშეების აქტიურობით. ამას ახლა ვხედავ, რომ ადგილი არ აქვს. ჩვენი ოპოზიცია, ეს ფაქტია, ვერ ახერხებს მსოფლიოს გადამწყვეტ ცენტრებთან რეალური, შედეგიანი ურთიერთობის დალაგებას.

- ხელისუფლება ასეთ ნარატივს აჟღერებს, რომ დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება სურს და ოპოზიცია სწორედ რომ მათი დახმარებით მოქმედებს. თქვენ ამ ვერსიას გამორიცხავთ და პირიქით ფიქრობთ, რომ ოპოზიციას არ აქვს დასავლეთის მხარდაჭერა?

- "ქართული ოცნება“ პოლიტიკურად კეკლუცობს, როდესაც დასავლეთს ერთიანად და მთლიანობაში განიხილავს. დასავლეთში არიან გარკვეული პოლიტიკური წრეები, რომლებსაც ეს ნამდვილად სურთ. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ არა დასავლეთის ცალკეულ მოთამაშეებზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაზე, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრზე. ასეთი ცენტრი კი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ამერიკის შეერთებული შტატებია. სახელმწიფო მდივანი და უშიშროების საბჭოს მდივანი მარკო რუბიო და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალიან სერიოზული კონგლომერაცია ამერიკული და არა მარტო ამერიკული. თუ ამ ძალებთან და პირადად გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრთან, რუბიოსთან არ დაალაგებ ურთიერთობას, შენ ვერცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ვერც აღმოსავლეთ ევროპაში ხელისუფლებას ვერ შეცვლი. ის მიამიტური აზრი, რომ ამომრჩეველზეა დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი, ეს რეალობა არ არის და მხოლოდ პიარისთვის არის კარგი. თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ყველა სერიოზულმა ადამიანმა ხომ იცის, რომ ეს ასე არ არის.

- რატომ არ აქვს ოპოზიციას ეს მხარდაჭერა? ვხედავთ დასავლეთიდან ხელისუფლების მიმართ როგორი კრიტიკული განცხადებებიც ისმის და რა ურთიერთობა ჩამოყალიბდა ბოლო დროს. რა არის მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ვერ ახერხებს დასავლეთის თვალში სერიოზულ ძალად წარმოჩნდეს? მიზეზი ქვეყნის შიგნით მოსახლეობის ნაკლებმხარდაჭერა ხომ არ არის, რასაც დასავლეთშიც ხედავენ?

- ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სერიოზულობა ეს ერთი განზომილებაა, მაგრამ არის კიდევ სხვა განზომილებებიც. მაგალითად, არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც ლიბერტარიანელია და ამერიკის შიდა პოლიტიკური ძალების მიერ არის მხარდაჭერილი, მას არგენტინის საზოგადოებაში დიდი გავლენა არ ჰქონდა, მაგრამ ის დღეს არგენტინის პრეზიდენტია. ქვეყნის შიგნით არსებული გავლენის გარდა, არსებობს გარე პოლიტიკური წონა, რომელიც ქართულ ოპოზიციას არ აღმოაჩნდა. ქართულ ოპოზიციას რომ ჰქონოდა გრემთან და რუბიოსთან ურთიერთობის რაიმე სერიოზული კეისი, მას ქვეყნის შიგნით ივანიშვილი სრულიად სხვა პოლიტიკურ ძალად მოიაზრებდა და საერთოდ სხვა პოლიტიკური ძალთა ბალანსი გვექნებოდა ქვეყნის შიგნით. ის დაჭერების უმრავლესობა, რა საკვირველია, ქვეყნის შიგნით არ იქნებოდა. ამიტომ ქართულ ოპოზიციას ჯერ ეს ამოცანა უნდა შეესრულებინა და შემდეგ შიდა პოლიტიკურ ველზე ეთამაშა.

- თუ ოპოზიციას ამერიკის მხარდაჭერა ექნებოდა, ეს თვისობრივად პოლიტიკურ მოცემულობას ქვეყნის შიგნით როგორ შეცვლიდა, თუკი ხალხის მხარდაჭერით ოპოზიცია ვერ სარგებლობს? არ არიან საზოგადოების თვალში ისეთი ავტორიტეტული ფიგურები, რომლებსაც ხალხი ხელისუფლების ალტერნატივად მოიაზრებს.

- ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში მათ უფრო ანგარიშგასაწევ ძალად ჩათვლიდა და რაღაც ინტრიგა იქნებოდა. დღეს ეს ინტრიგა არ ჩანს. ქართველმა ხალხმა ამ 300-დღიანი პროტესტის ფარგლებში მაქსიმალური გააკეთა, დასავლეთის ყურადღება მიიპყრო. ხოლო თუ დღეს ჩვენი ქვეყანა დასავლეთის რადარზეა და მათ გეგმებში ვართ, ეს ქართული ოპოზიციური ელექტორატის დამსახურებაა და არა ქართული ოპოზიციური პარტიების. ეს ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია, რომელიც არ ეპუება და პროტესტს აგრძელებს.

- თუკი მოვლენები 4 ოქტომბრის შემდეგ ისე არ განვითარდა, როგორც ოპოზიცია აანონსებს და დიდი ალბათობით ხელისუფლება არც არსად არ აპირებს წასვლას, როგორ პოლიტიკურ რეალობაში შესაძლოა აღმოვჩნდეთ? ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას საბოლოოდ მიეცემა საშუალება ეს ოპოზიცია ბოლომდე მოგუდოს. თქვენი მოლოდინი როგორია?

- მე არ მგონია, რომ ხელისუფლება ამ ოპოზიციის მოგუდვას აპირებდეს, პირიქით, ამ ოპოზიციასთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. არ მჯერა იმ საუბრის, თითქოს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას აპირებენ და ა.შ. მაინცდამაინც ოქტომბერში გავაუქმებთო, სექტემბერში გაეუქმებინათ, რა უშლიდათ ხელს? ან თუნდაც ამ 13 წლის მანძილზე რა შეაფერხათ? ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ეჭვის მატარებელია თავისი არსით. ამიტომ ხელისუფლებას დასავლეთთან საგარეო კურსის კორექტირება მაინც მოუწევს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ეს იქნება რუსეთის დასუსტების პარალელურად დასავლეთთან მოლაპარაკების პერსპექტივით. როცა „ქართული ოცნება“ დაინახავს, რომ რუსეთი კავკასიის რეგიონში აღარ არის, დასავლეთთან ურთიერთობაში დარბილდება. ივანიშვილმა, დარწმუნებული ვარ, წინდაწინ იცის უკვე, რომ მას დასავლეთთან დათმობებზე წასვლა მოუწევს. ეს კი შიდა პოლიტიკურ რეალობაზე მომენტალურად აისახება. ანუ უბრალოდ ერთი მთავარი ინტრიგაა: დასავლეთი როცა საქართველოში კვლავ საკუთარი წონადობის აღდგენას მოახერხებს, ამ ოპოზიციასთან საერთოდ ურთიერთობას მოისურვებს კი? ყველა ინფორმაცია და არგუმენტი მაქვს, რომ არ მოუწევთ. "ოცნებას“ პირველ რიგში ამერიკის ელიტისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს.

- რას გულისხმობთ ანგარიშის გაწევაში? "ოცნებამ“ ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით არაერთხელ მიმართა ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე ვნახეთ პრემიერი კობახიძე, რომელიც კოპენჰაგენში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ 30 ლიდერთან ჰქონდა შეხვედრა და ყველა მათგანი ურთიერთობის გადატვირთვის მომხრეა. ცდილობს უკვე ხელისუფლება დასავლეთთან რაღაც ფორმით დათმობაზე წასვლას? ან ამერიკიდან როდის ელით უფრო მკაფიო განცხადებებს საქართველოზე?

- კოპენჰაგენში თავყრილობა უფრო სიმბოლურია, ვიდრე ფუნქციური. როგორც უკვე აღვნიშნე, პოსტსაბჭოთა სივრცეზე პოლიტიკას ამერიკელები აყალიბებენ. შესაბამისად, კოპენჰაგენში მყოფი ლიდერები ამერიკელების კარზე რეკომენდატორებად გამოგვადგება. „ოცნების“ შეთავაზებებს გადატვირთვასთან დაკავშირებით, კი ბატონო, ტრამპი არ პასუხობს. ეს უბრალოდ არ ხდება და ამის მიზეზი ის გარემოება გახლავთ, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ იძლევა ამის საშუალებას. ეს ცნობილი ფაქტია და სენატში ვინც უსმენს გამოსვლებს, ამას ყველა მიხვდება. ტრამპის პასუხის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ელიტა ჩვენს ხელისუფლებას აიძულებს, საქმე რუბიოს დაჯგუფებასთან ააწყოს. რუბიოსთან და მის გუნდთან საქმის დაჭერა კი ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რადგან ეს ფლანგი გამოკვეთილად რუსოფობია. ივანიშვილი კი რუსეთთან დაკავშირებით კვლავ ფრთხილობს. ამიტომ თუკი რუსეთის პოზიციები უკრაინის ომთან დაკავშირებით შესუსტდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი რუბიოსთან და მის ფლანგთან ენის გამონახვას ეცდება. ამის შემდეგ ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი გახდება. ამ ეტაპზე „ოცნება“ ჯერ კიდევ რუსეთთან დაკავშირებით პროცესების განვითარებას ელის.

ელზა პაპოშვილი

Advertisement