Logo

მირიან მირიანაშვილი - რუსეთმა ირანი გაწირა, საქართველომ მკვეთრი პოზიციისგან თავი უნდა შეიკავოს

ინტერვიუ
859
Frontnews image description

ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი Front News-თან ინტერვიუში ირან-ისრაელის კონფლიქტის შესაძლო მასშტაბურობის, რეგიონზე გავლენისა და რუსეთის როლის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ომმა უკვე ინტერნაციონალური სახე მიიღო, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიული ინტერესების დასაცავად ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება უნდა განაგრძოს.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღოს და გადაიზარდოს რეგიონულ ან გლობალურ დაპირისპირებაში? რა სცენარებით შეიძლება ომი გაიწელოს და სად გადის ზღვარი, სადაც ეს დაპირისპირება უკვე უკონტროლო გახდება?

- ირანში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და ალბათ, ამ ქვეყანასა და მის მოსახლეობას ჩემზე კარგად არავინ იცნობს. დიდი საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი ვიყავი, შესაბამისად, ირანის ელიტასაც ვიცნობ და მეტ-ნაკლებად იმ განწყობებსაც, რაც ამ ელიტაში არსებობს. ჩემი კავშირები და ცოდნა ამ ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ბევრი დაკვირვებისა და ანალიზის საშუალებას მაძლევს.

მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი უკვე ინტერნაციონალურია. ამერიკელები სადაზვერვო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უკვე მონაწილეობენ ამ ომში. ამიტომ ისრაელი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სამხედრო ძალას და იმ მასშტაბის დარტყმებს, რასაც ირანის წინააღმდეგ ახორციელებს, მარტო ვერ შეძლებდა. ამერიკელების ჩართულობა ყველასთვის ნათელია, მათ შორის - ირანის მხარესაც.

ასევე თუ დააკვირდებით, საკმაოდ თვალსაჩინოა, რომ ისრაელი ირანის საჰაერო სივრცეში შესასვლელად იორდანიის, სირიის, ერაყისა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეს იყენებს. ამ ქვეყნებს, განსაკუთრებით იორდანიასა და საუდის არაბეთს, საკმაოდ განვითარებული საჰაერო ძალები ჰყავთ. მაგალითად, საუდის არაბეთის საჰაერო ფლოტი უფრო დიდია, ვიდრე ისრაელისა და თურქეთის ერთად აღებული. აქედან გამომდინარე, ეს ქვეყნები, მიუხედავად თავისი შესაძლებლობებისა, ისრაელს ირანზე თავდასხმაში ხელს არ უშლიან. პირიქით - საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალებას აძლევენ და ირანის მხრიდან განხორციელებულ შეტევებს საჰაერო თავდაცვის სისტემებით უპირისპირდებიან. ასე რომ, ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ ირანული საფრთხეების მოგერიების კოლექტიურ სისტემას, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ მუშაობს.

ირანი მარტო დარჩა იმ იმედით, რომ ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული სისტემა ამ ომის ესკალაციისგან დაიცავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ირანის ხელისუფლება ტრადიციული, მცირე მასშტაბის შეტაკებების მორიგ ეტაპს ელოდებოდა, და არა სრულმასშტაბიან ომს. ირანის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა მასშტაბური ომისთვის მზად არ აღმოჩნდა. მათი ალიანსები ყალბი აღმოჩნდა.  რუსეთი ფიზიკურადაც და მატერიალურადაც მზად არ იყო ირანის მხარდასაჭერად. ვვარაუდობდი, რომ გადამწყვეტ მომენტში რუსეთი ირანს მიატოვებდა და ასეც მოხდა.

– მაშინ ავტომატურად ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა სცენარი, სადაც ირანი სტრატეგიული პარტნიორებისგან "გაიყიდა“. ხომ არ მოხდა ჩინეთ-რუსეთის მხრიდან ირანის გაწირვის გარიგება და რის ფასად?

– თუ დააკვირდებით, რუსეთის სუსტი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ბოლო წლებში აქტიურად „ყიდის“ ყველა საგარეო აქტორს. ასე მიჰყიდა მან შუა აზია ჩინეთს, ასე დათმო თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსთან ჯერ სომხეთი, ახლა - სირია. ახლა დადგა ირანის ჯერი.

უკრაინის ომის ფონზე რუსეთი ძალიან დასუსტდა. ამიტომ, ვისაც მისი გეოპოლიტიკური აქტივების ათვისება სურს, ყველა ცდილობს ამ შესაძლებლობის გამოყენებას. სავარაუდოდ, მთავარი კითხვა ის კი არაა, რა მიიღეს რუსეთმა და ჩინეთმა ირანის გაწირვით, არამედ ის, რომ რუსეთმა ისიც კი ვერ გაბედა, ირანისთვის ისეთი მხარდაჭერა გაეწია, როგორიც ირანმა მას გაუწია უკრაინის ომში.

ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები, უპილოტოები და ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა. საკმაოდ სერიოზულ დახმარებას უწევდა. სანაცვლოდ, დღეს რუსეთი არაფერს აკეთებს. ირანული პრესა სავსეა ბრალდებებით, რომ რუსეთმა ირანი მოატყუა და მიატოვა. ირანელებმა მოითხოვეს მათ მიერ მიწოდებული "შაჰედების“ დაბრუნება, რაც რუსეთისგან უარყოფილი იქნა.

ეს უკვე საუბარია სტრატეგიულ და ტოტალურ გაწირვაზე. ახლა წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ელოდეს საქართველოს, თუ რუსეთი ასე ექცევა მის მჭიდრო პარტნიორებს. ქართველმა რუსეთუმეებმა ეს უნდა გაიაზრონ.

– ირანის მხრიდან ვიხილეთ მოლაპარაკების სურვილი, თუმცა ისრაელი ამას კატეგორიულად უარყოფს. რატომ შეიძლება არ იყოს ისრაელი დიპლომატიური გზით დაინტერესებული და რა არის ამ კონფლიქტში ამერიკის სტრატეგიული ინტერესი?

– აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე გეოპოლიტიკური კოორდინაცია ერთდროულად მიმდინარეობს. დიდი სტრატეგია ყოველთვის სტრატეგიების ერთობლიობაა. ჩვენ გვეხება ის, რომ მიმდინარეობს რუსეთის ტოტალური გამოდევნა ყველა გეოპოლიტიკური პერიფერიიდან.

ბოლო 3–4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა საგარეო აქტივი განულდა. დასავლეთი და ნაწილი აღმოსავლეთიც შეთანხმდა, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზეა დარჩენილი. მოვლენების განვითარება როგორც არ უნდა წავიდეს, რუსეთის ყველა აქტივი წინა აზიაში განულებულია.

გვახსოვს სამპუნქტიანი სტრატეგიული პარტნიორობა ირანთან და პაკისტანის ჩართვა - ყველაფერი დასრულდა. "ბრიქსში“ საუდის არაბეთის ქვეყნების შეყვანაც მოკვდა. ფაქტობრივად, რუსეთის მიმართ ნდობა აღარ არსებობს. რუსულ-ირანული და რუსულ-აზიური ურთიერთობები სრულდება.

– რამდენად რეალურია მოსადის ოპერაციების ეფექტურობა იმით აიხსნას, რომ ირანში მოქმედებს ძლიერი შიდა აგენტურა? შესაძლებელია თუ არა, რომ ამან ქვეყანაში შიდა პოლიტიკური კრიზისიც გამოიწვიოს და ამერიკა ამ შიდა ესკალაციას გამოიყენოს?

– არაბულის და სხვა აზიური ქვეყნებისგან განსხვავებით, ირანის მოსახლეობა ძალიან დეტერმინირებულია. ირანელები საკუთარ თავს ევროპელად მიიჩნევენ - არიული რასის ნაწილად. 1935 წელს სწორედ ამიტომ გადაერქვა სპარსეთს სახელი ირანი — ნიშნავს "არიელების ქვეყანას“. ისინი თავს მუსლიმურ ევროპად მიიჩნევენ და ფუნდამენტალიზმი მათთვის პრობლემაა.

ირანის მოსახლეობას არ სურს შიიტური ცხოვრების წესის მიღება. ეს არის საზოგადოებრივი კომპრომისი სასულიერო ელიტასთან. თუმცა, არის თუ არა დღეს რეალური რესურსი ირანის მმართველი ელიტის ჩამოშლისთვის - ამ რესურსს ჯერ ვერ ვხედავ. თუმცა თუ ტოტალური დაბომბვები გაგრძელდება, ყველაფერი მოსალოდნელია.

ისრაელის საჰაერო ძალებს ტერორის უნარი აქვს — თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთის ავიაციას. თუ რუსეთს შეუძლია 30–35 გაფრენა განახორციელოს უკრაინაში, ისრაელი ირანის ცაში პირველ დღეებში 1000 გაფრენას ახორციელებდა. ეს ომი სრულიად სხვა ტიპისაა და მისი ესკალაციის ყველა სცენარი რეალურია.

– რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა არ დაზიანდეს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები?

– საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ნეიტრალური პოზიციონირება. ცდილობს, მკვეთრი პოზიცია არ გამოხატოს, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ირანზე შეტევის პლაცდარმი არ გახდება. სომხეთი უფრო პროირანულ პოზიციებზეა.

ჩვენი ხელისუფლება ამ ეტაპზე პირში წყალს იგუბებს, თუმცა ზოგადად ეს ცუდი პოზიცია არაა. საქართველო სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე სუსტი ქვეყანაა რეგიონში და არ არის მზად კატაკლიზმებისთვის.

– როგორ აისახება კონფლიქტი ლტოლვილთა ნაკადებზე სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად - საქართველოზე?

– ირანის მოსახლეობის სამი მეოთხედი ჩრდილოეთში ცხოვრობს. ყველა დიდი ქალაქი ჩრდილოეთითაა. შესაბამისად, ლტოლვილთა ნაკადი, თუ დაიწყება, ჩრდილოეთისკენ დაიძვრება. ირანული წყაროები ამბობენ, რომ თეირანიდან ყოველდღიურად 300,000 ადამიანი ტოვებს ქალაქს. უკვე მილიონამდე მოსახლეობამ დატოვა დედაქალაქი.

სულ შესაძლოა, 10–12 მილიონიანი ნაკადი წამოვიდეს. საბედნიეროდ, ჩვენ ირანთან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს. მაგრამ სომხეთი იძულებული იქნება, მიიღოს ნაწილი ლტოლვილებისა. იმავეს გააკეთებს აზერბაიჯანიც - ირანში დაახლოებით 25 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

საქართველოს აქვს ორ კვირამდე დრო, შემდეგ უკვე კონკრეტული პოლიტიკის ჩამოყალიბება მოუწევს. ჩვენ მასშტაბურ ნაკადს ვერ მივიღებთ. შეგვიძლია მინიმალურად, ლოკალურად, მაგალითად ფერეიდანიდან და თეირანიდან ეთნიკურად  ქართველების მიღება. დიდი რაოდენობის მიღების რესურსი და შესაძლებლობა ქვეყანას არ აქვს. ამავე დროს, ირანმა გაეროს კენჭისყრაზე ტერიტორიულ  მთლიანობასთან დაკავშირებით მხარი  არ დაგვიჭირა, ასე რომ, პოლიტიკურად თავისუფალი არჩევანის საშუალება გვაქვს და ამ ფაქტის გამოყენებაც შეგვიძლია. 

ელზა პაპოშვილი

Advertisement