Logo

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ჰელმუტ ფრისს "ევროპის უნივერსიტეტმა“ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საზოგადოება
199
Frontnews image description

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკისა და პოლიკლინიკის დირექტორს, პროფესორ ჰელმუტ ფრისს მედიცინის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის "ევროპის უნივერსიტეტის“ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 

პროფესორ ფრისს საპატიო დოქტორის დიპლომი „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გადასცა.

ღონისძიებას ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, ვიცე-რექტორები - ნიკოლოზ ფარჯანაძე და სოფო ხუნდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, ფაკულტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ჰელმუტ ფრისმა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ღია ლექცია თემაზე "აქტუალური საკითხები თანამედროვე კლინიკურ მეცნიერებაში“ ჩაატარა და სტუდენტებს მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიარა. 

პროფესორი ჰელმუტ ფრისი 2007 წლიდან იკავებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკისა და პოლიკლინიკის დირექტორის თანამდებობას. მისი კარიერა მოიცავს გერმანიის, შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ინსტიტუტებს, რაც ასახავს მის საერთაშორისო გავლენას მედიცინაში.

როგორც გაერთიანებული ევროპის გასტროენტეროლოგიის ფედერაციის გენერალური ასამბლეის წევრი და ევროპის საჭმლის მომნელებელი სისტემის კვლევის საზოგადოების მდივანი, ის ემსახურება გლობალურ სამედიცინო საზოგადოებას. მისი მიღწევები ფართოდ არის აღიარებული და აქვს საპატიო პროფესორის წოდება.

„ევროპის უნივერსიტეტს“ აქვს მჭიდრო აკადემიური კავშირი „მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან“. ორ საგანმანათლებლო ინსტიტუციას შორის არსებული თანამშრომლობა სტუდენტებისთვის ინტერნაციონალური ცოდნის გაზიარებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას მოიცავს.

Advertisement