მსოფლიო პატრიარქი - შესაძლოა, ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ

ავტორი
Front News საქართველო
შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა, სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ, – ამის შესახებ კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა, ბართლომეოს პირველმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
როგორც ბართლომეოს პირველმა აღნიშნა, ილია მეორე იყო ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად ანაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას.
"უნეტარესნო და უწმინდესნო, ღვთის წმინდა ადგილობრივი ეკლესიათა ყოვლად სამღვდელონო წარმომადგენელნო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, შიო, დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დამწუხრებულნო პატივცემულო მღვდელმთავარნო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენო აღმატებულებავ, ქვეყნის ხელისუფალნო, სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობათა და რელიგიათა პატივცემულო წარმომადგენელნო, თქვენო აღმატებულებავ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო თბილისის მერო, ყოველი ხარისხის ყოვლად ღვთისმოსავნო ბერნო და მონაზონნო, ღვთისმოსავო საქართველოს ერო, როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის, პატივისცემისა და ღმრთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული მცხეთა-თბილისის მთავარეპიკსოპოსისი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ჩვენგან განშორებას.
საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღრმთო მადლი.
პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი, ღვთისმომიში. ქართველი ერი მოაკლდა თავის მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღრმთის მიერ აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისთვის. წმინდა მოციქული ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღრმთისმოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველს და ერთგულ გამგრძელებელს.
შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა, სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ. ჭეშმარიტი სვეტი სიმტკიცისა, როგორც ეკლესიის, ისე სამშობლოსი, რომელთაც თანაბრად ანაწილებდა სიყვარულს, ერთგულებასა და ყოველდღიურ ზრუნვას“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
მისივე განცხადებით, ილია მეორე ღმერთმა ღირსყო, გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში.
„ღმერთმა ილია მეორე ღირსი გახადა, რომ 1990 წლის 4 მარტს ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქის, დიმიტრიოსის ინიციატივით, მსოფლიო საპატრიარქოსგან, წმინდა კანონებიდან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიეღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. ასევე, იმავე თვისა და წლის 30 რიცხვში ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში მწყემსმთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს თანაბრად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი. მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩვენ მიერ, როგორ იმჟამად ქალკედონიის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა, ხელმოწერით დავადასტურე ეს წმინდა და ისტორიული ტომოსი. ასევე, ილია მეორე ღმერთმა ღირსყო, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვა-მღელვარებების გარეშე და საძირკვლიდან აღედგინა იგი, სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება; ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი ურთიერთობები და დიალოგები; განხეთქილებისთვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა; შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნული ცხოვრების ჯგუფებს შორის ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომლებშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა. ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოვლისმპყრობელი უფლის სულით. ზაქარია წინასწარმეტყველი, მეოთხე თავის მეექვსე მუხლი, რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას კრძალულებით, თავმდაბალი სულითა და მადლიერებით. ამის გამო ღირსეულად, დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა, მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი, კეთილი მწყემსი, რომელიც თავგანწირვით იღვწოდა თავისი სამწყსოსთვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მიაგებენ მას ისე, როგორც მცირედით მცირედ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან. ღირსია მუშაკი, რომ მას პატივი მიეგოს.
გამხნევდით, ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს. სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი, მკვდარი ცოცხალია, რამეთუ მართალნი მკვდარნიც ცოცხლობენ, იგი ცოცხლობს იქ, სადაცაა უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილონნი და ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ესე იგი, ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის საპატივცემულოდ თბილისში წმინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღიმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასიათას მოწამესთან ერთად. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ, კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. და გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენ შორის იყო და აქვს მას კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე, თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას, გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხნიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე, ქრისტე აღდგა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ“, – განაცხადა ბართლომეოს პირველმა.
თაგები:
მსოფლიო პატრიარქი




